„ჩვენს გარდა, 14 ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა“ – რატომ იყიდება მესტიაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სასტუმრო
მესტიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო 2,9 მლნ ლარად იყიდება. საუბარია 3-სართულიან Hotel Mountain Mestia-ზე, სადაც 21 ნომერია განთავსებული. როგორც სასტუმროს მეპატრონე ნათია ნაცარაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ობიექტის გაყიდვა პანდემიით გამოწვეული ზარალის გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, სასტუმროში დასაქმებულია 14 ადგილობრივი, რომელთა უკან 14 შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახი დგას.
როგორც სასტუმროს მფლობელი განმარტავს, სასტუმროს ყველაზე მძიმე დარტყმა მესტიის ჩაკეტვამ მიაყენა, ბანკების მიერ გადავადებული სესხების ვადა კი ამოიწურა, შესაბამისად, ახლა კიდევ უფრო გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევს.
ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia ერთ-ერთი რეიტინგული სასტუმროა მესტიაში. შენობას აქვს ხედები მესტიის ძველ უბნებსა და კოშკებზე. ობიექტს აქვს: ბარი, ტერასა, საუნა, ცხელი წყლის ბოილერი, ცენტრალური გათბობა და გენერატორი. სასტუმრო იყიდება სრული ინვენტარითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით.
არსანიშნავია, რომ სასტუმრო იყიდება მომავალი წლის სრული ჯავშნებითა და ტურისტულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებებით.
„პანდემიის კრიზისული პერიოდის გამო გადავწყვიტეთ, სასტუმროს გაყიდვა. ბანკების ვალების გადახდას ვეღარ ვახერხებთ. ამას ემატება პატარა პირადი პრობლემებიც. მართალია, ადგილობრივი ტურიზმი თითქოს იყო, მაგრამ მესტია მთლიანად ჩაიკეტა გარკვეული პერიოდი, რამაც ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენ საქმიანობაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სასტუმრო მესტიაში, მაგრამ უკვე ვეღარ ავუდივართ ვალების გადახდას. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამას ემატება ისიც, რომ 14 ადამიანი გვყავდა დასაქმებული და ახლა ჩვენს გარდა, 14 ოჯახი შემოსავლის გარეშე გარჩა“,-აცხადებს ნათია ნაცრაშვილი.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სასტუმროს და მთლიანად სექტორს გარკვეულ დახმარებას გაუწევს, გადაიხედება თუ არა გაყიდვის გადაწყვეტილება, ნათია ნაცარაშვილი ამბობს, რომ აუცილებლად, და მეტიც, სასტუმრო აღარ გაიყიდება.
„რაიმე სახის დახმარება რომ ყოფილიყო, არ მივიღებდით გაყიდვის გადაწყვეტილებას. ბანკებმა სესხები კი გადაგვივადეს, მაგრამ პროცენტი გაგვიზარდეს. ახლა კიდევ 14 000 ევრო ამაღებინეს, რომ გადავადებულიყო და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. მთლიანად ტურიზმზე ვართ დამოკიდებული და პანდემიის გამო ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუ სახელმწიფო რაიმე სახის დახმარებას გაგვიწევდა, რა თქმა უნდა, გაყიდვის გადაწყვეტილებას სიამოვნებით შევცვლიდით“,-აცხადებს ნათია ნაცარაშვილი.
BPN.GE