ერთ დროს მიტოვებულ ციხე-სოფელ მუცოში, რომელიც „ევროპა ნოსტრას“ ნომინაციაზეა წარდგენილი, მოსახლეობა ბრუნდება
შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურული ძეგლის – მუცოს ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტი ორ წელიწადში დასრულდება. თუმცა მანამდენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუცოს ძეგლი „ევროპა ნოსტრას“ ნომინაციაზე წარადგინა. დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.
ხევსურეთის შემოსასვლელში მდებარე სოფელი მუცო ჟამთა სვლამ, მტრების შემოსევებმა და ბოლო წლებში, ხელისუფლების უყურადღებობამ, ფაქტობრივად, გაანადგურა. ციხისგან, რომელსაც აქამდე საფორტიფიკაციო დანიშნულება ჰქონდა, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩა.
ციხე-სოფელი მუცო სამ ვერტიკალურ ტერასაზეა განლაგებული. რამდენიმე ათეულ საცხოვრებელ სახლთან და ციხე-კოშკებთან მისასვლელი გზა ციცაბო ფერდობზე გადის.
2014 წლიდან დღემდე სოფელი მუცოს აღდგენისთვის გატარდა სამუშაოები, რომელმაც საბოლოოდ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის „ევროპა ნოსტრას“ საერთო ევროპული ფედერაციის ჯილდო მოაპოვებინა.
„სოფელი მუცო დაშლილ და დანგრეულ მდგომარეობაში იყო. მისი აღდგენის პროექტის პირველი ეტაპი გულისხმობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებელ პროცედურებს, რაც ხელს შეგვიწყობდა მომავალში ამ რეაბილიტაციის სრულყოფილად განხორციელებაში. ეს იყო საბაგირო გზის მოწყობა მასალების ასატანად, ავარიული შენობების დაშლა, დროებითი ნაგებობების მოწყობა, სადაც მუშებისთვის საცხოვრებელი უნდა განთავსებულიყო ციხის ქვემოთ, დენიც არ იყო საბაგიროსთვის, შემდეგი წლისთვის ფიქალის მოგოვება და ა.შ. შემდეგ წელს დაიწყო ქვედა უბნიდან ციხის რეაბილიტაცია და მოიცვა მთელი ტერიორია. განახლდა კოშკი, გაკეთდა მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც იქნება საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლის ოჯახი გაუწევს მეთვალყურეობას,“ – აღნიშნავს ციხე-სოფელ მუცოს არკქიტექტორ-რესტავრატორი შალვა მელიქიძე „კომერსანტან“ საუბარში.
როგორც შალვა მელიქიძე ამბობს, მთლიანი პროექტის 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. პროექტის საინვესტიციო მოცულობა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, 2 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს დაემატა „ქართუ ფონდის“ თანხებიც და თითქმის ორ წელიწადში მუცოს აღდგენის პროექტი დასასრულს მიუახლოვდება.
„მუცო იყო დაუსახლებელი, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა. პროექტი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქ ხალხი უკვე დაბრუნდა და კიდევ რამდენიმე აპირებს დასახლებას. ეს იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ტურისტებსაც ექნებათ დარჩენის საშუალება და ხალხიც იცხოვრებს, რომელთაც შემოსავლის წყარო ექნებათ. ტრადიციული მეთოდით აშენებული ამ შენობების დაშლის მთავარი მიზეზი უყურადღებობაა, როცა მოსახლეობა აქ იქნება, ეს ძეგლი უპატრონოდ აღარ იქნება, რადგან ამ მხარეში ადამიანის ხელი აუცილებელია . თუ არავინ მოუვლის , ისევ დაიშლება, უბრალოდ დროის ამბავია. ის ოჯახი, რომელიც მუზეუმ ნაკრძალს მიხედავს, დაეხმარება ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შენარჩუნებაში.
მომავლ წელს ბოლო ეტაპი დაიწყება . ეს ინფრასტრუქტურული პროექტია, ეს კი მოიცავს ბილიკების მოწყობას, წყლის აყვანას ამ ტერიტორიაზე, დამცავი ჯებირების მოწყობას უსაფრთხოების მიზნით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თქმით მუცოში შშმ პირებისთვისაც უნდა გაკეთდეს სპეციალური ადგილები დასათვალიერებლად. – ამბობს არქიტექტორ-რესტავრატორი
აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესში უსაფრთხოების თვალსაზრისით დაზღვევის პროცეცდურებს კომპანია „არდი“ უზრუნველყოფდა.
2018 წელს მუცოს ძეგლი „ევროპა ნოსტრას“ ნომინაციაზე წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ. დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.
„ევროპა ნოსტრა“ – კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც 1963 წელს შეიქმნა და ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. საქართველო „ევროპა ნოსტრას“ ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.
Commersant.ge