ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ცხოვრება უშგულში – ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში
03 აგვისტო, 2017

უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს, მოქმედებს სკოლა და ამბულატორია. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“.

”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მსოფლიოში. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” – განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” – დაამატა ჩარქსელიანმა.

სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” – ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები – კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” – ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” – აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ის დახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით.

ნანა მღებრიშვილი

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.