ნოემბერში ციფრული ხელოვნების პირველი მუზეუმი იხსნება – ცნობილი ქართული ფერწერა ციფრულ ფორმატში
ნოემბრის დასაწყისიდან ილუზიების მუზეუმის შენობას ახალი სივრცე ემატება. საქართველოში ციფრული ხელოვნების პირველი მუზეუმი, რომელიც 500 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული, ამჟამად მზადების პროცესშია.
როგორც “სარკე ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერმა ნატალია ანანიაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, მუზეუმი მთლიანად დაეთმობა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს.
„ ძალიან მალე შევთავაზებთ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მოყვარულებს საინტერესო სივრცეს, რომელიც დღეს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ციფრული ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ეს მოსულ სტუმარს ნახატის რეალურად აღქმის და შეგრძნების საშუალებას მისცემს. საქართველოს ყველა კუთხის რამდენიმე ღირსშესანიშნაობა დასკანერებული სახით გვაქვს, რომელსაც ციფრული სახითაც წარმოვადგენთ უახლოეს მომავალში,“ – აღნიშნა ნატალია ანანიაშვილმა.

ფოტო: L’Atelier des Lumieres-პარიზი
ციფრული მუზეუმებისა და ჰოლოგრამების გამოყენების ძირითადი მიზანია ილუზიის რეალობაში გადმოტანა, ხელოვნების ნიმუშების ცოცხლად აღქმა. მსგავსი ტექნიკა დიდი ხნის წინ ფილოსოფოსმა და ალქიმიკოსმა ჯოვანი ბატისტამ გამოიყენა , შემდეგ კი პროფესორმა ჯონ პეპერმა თეატრალურ წარმოდგენებში გამოიყენა.

დღეისათვის ციფრული მუზეუმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ამ მხირვ გამორჩეულია ტოკიოს ციფრული ხელოვნებისა და პარიზის Atelier des Lumières მუზეუმები.

ცოტა ხანში ქართული ღირსეშანიშნაობების მინი-ვერსიების ნახვაც ამავე სივრცეში თბილისის ილუზიების მუზეუმის შენობაში, ბეთლემის 10-ში იქნება შესაძლებელი.
Commersant.ge