ცნობილი ვაზის სანერგე მეურნეობა “ROUSCADO” ქართველ მევენახეებს გამოცდილებას გაუზიარებს
კომპანია “Green solutions-ის” ორგანიზებით, 30 იანვარს მსოფლიოში ცნობილი ვაზის სანერგე მეურნეობა “Rouscado” ქართველ მევენახეებთან და მეღვინეებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ვირუსებისგან გაწმენდილი ქართული ვაზის ნერგებს წარმოდგენენ და ადგილობრივ მწარმოებლებს მისი მოყვანის წესების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
კომპანია „Green solutions-ის” დამფუძენებლის რომან ჩხენკელის ინფორმაციით, “Rouscado” მსოფლიოს ყველაზე დიდი ვაზის სანერგეა, რომელიც წელიწადში 85 მლნ-მდე ნერგს ყიდის.
„კომპანია „Rouscado-მ“ რამდენიმე წლის წინ გააკეთა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან ბევრი ვაზის ნერგი წაიღეს და მათგან დაახლოებით, ათი, მათ შორის საფერავი, რქაწითელი და კახური მწვანე, ვირუსებისგან გაწმინდეს და ამ სახით ბაზარს შესთავაზეს.
ჩვენ გვინდა, რომ დღეს ბაზარს სწორედ ეს პროდუქტი წარვუდგინოთ და ვისაუბროთ ევროპული, ხარისხიანი ნერგების უპირატესობებზე. პრეზენტაციას თავად კომპანიის წარმომადგენლები გამართავენ და დაახლოებით, 40-მდე ადგილობრივი მევენახე და მეღვინე დაესწრება. თუ დაინტერესება იქნება, ასევე ვგეგმავთ იტალიაში გავიყვანოთ ადგილობრივი მწარმოებლები და ადგილზე ვანახოთ სანერგე, ვანახოთ როგორ ხდება მყნობა“, – განაცხადა bm.ge-თან საუბრისას რომან ჩხენკელმა.
მისივე თქმით, კომპანია “Rouscado” მსოფლიოს ყველაზე დიდი ვაზის სანერგეა, რომელიც წლის განმავლობაში დაახლოებით, 82-85 მლნ ნერგს ყიდის.
www.bm.ge