ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ცომის" დამფუძნებელი ახალ ტურისტულ ობიექტს თეთრიწყაროში გახსნის
05 თებერვალი, 2024

გაყინული ცომის მწარმოებელი კომპანია ,,ცომი“ ასურეთში ახალი ტურისტული ობიექტის გახსნას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ძველ თბილისში მდებარე რესტორან ,,შეფი სარაჯეფის“ შემდეგ ახალი სივრცე სრულიად განსხვავებული კონცეფციით შეიქმნება და მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული სექტორის განვითარებას.

''ახალი ობიექტის შექმნა ძირითადად ორიენტირებული იქნება ქალაქგარეთ გასვლითი ღონისძიებებისთვის. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში. მთავარი აქცენტი სამზარეულოა. ამ მხრივ მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს და გასტრონომიულად საკმაოდ საინტერესოა. ჩვენს სოფელში მეცხოველეობა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, გვერდით მდებარეობს სოფელი კოდა, რომელიც მეფრინველეობით არის ცნობილი. არის ასევე მეთევზეობა, ბოსტნეულის წარმოება და სხვა, დიდი პოტენციალია, რომ ეს ყველაფერი გასტრონომიულ სერვისად აქციო და ისე მიიტანო მომხმარებლამდე, ველოდებით, რომ ახალი პროექტი საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს გამოიწვევს“, - აცხადებს ნიკოლოზ სარაჯევი.

რაც შეეხება ,,ცომის“ მთავარ ხაზს - გაყინული ცომის წარმოებას, სარაჯევის განცხადებით, მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. გაზრდილია კონკურენციაც, თუმცა კომპანია  მაქსიმალურად ცდილობს, რომ ნატურალური პროდუქტების ნიშა შეინარჩუნოს, რითაც თავის დროზე დამკვიდრდა ბაზარზე.

''ხინკლის ცომით დავიწყეთ, თუმცა ამ დროისთვის ათამდე დასახელების პროდუქტს ვამზადებთ. გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინჩიკების, აჭარული ხაჭაპურის, პიცისა, აჩმის და ე.წ ვარენიკების ცომსაც ვთავაზობთ. საკმაოდ დიდი ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი.  სხვადასხვა ქვეყნის კულინარიაში არსებობს რთული და მოთხოვნადი კერძების მომზადების გამარტივების პრაქტიკა. ჩვენც სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ. პირველები ვიყავით ბაზარზე, თუმცა შემდეგ რამდენიმე ახალი მეწარმე გამოჩნდა. ჩვენი ნიშა განსხვავებულია იმით, რომ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს ვიყენებთ და ამ ხაზს ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - აცხადებს ნიკოლოზ სარაჯევი.

მისი ინფორმაციით, ცომი საწარმოში სპეციალური დანადგარების მეშვეობით მზადდება. თითოეულ შეფუთვაშია 10 სხვადასხვა ზომის 600 გრამიანი ფირფიტა, რომლის ფასიც 5-6 ლარის ფარგლებშია.

,,ცომის" საფირმო მაღაზია თბილისში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს.გარდა ამისა, ნიკოლოზ სარაჯევის პარალელური ბიზნესია რესტორანი ,,შეფი სარაჯეფი“ , რომელიც ძველ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე ფუნქციონირებს.

კვების ობიექტი 40-მდე სტუმარზეა გათვლილი. სარაჯევის განცხადებით, რესტორნის ინტერიერი საკუთარი სახლის ძველი ნივთებით არის მოწყობილი ისე, რომ სიძველეებს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდათ. ,,შეფი სარაჯეფის“ მომხმარებლების დაახლოებით 80%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ.

ცნობისთვის, კომპანია ,,ცომი ბაზარზე 2017 წელს დაფუძნდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, 2019 წელს რესტორანი ,,შეფი სარაჯეფი“ შეიქმნა.

კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს. რაც შეეხება განხორციელებულ ინვესტიციას, ნიკოლოზ სარაჯევი ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ წარმოებაში დიდწილად გამოყენებულია საოჯახო  ნივთები და ინფრასტრუქტურის ნაწილი, რითაც საინვესტიციო ხარჯი მნიშვნელოვნად შეამცირა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.