დაღუპული 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი, დაჭრილი 1 747 ადამიანი... ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი - დაკარგული კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი... 150 000 ადამიანი რომელიც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და 30 ათასი ადამიანი, ვინც დღემდე დევნილობაში რჩება...
9 წელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ... აგვისტოს ომის არასრული ქრონიკა „კომერსანტში“
2008 წლის დასაწყისიდან მოსკოვისა და მისი მარიონეტული რეჟიმების მხრიდან პერიოდულად ხდებოდა ვითარების დაძაბვა. აპრილის დასაწყისში, როდესაც NATO-ს ბუქარესტის სამიტზე ცალსახად ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა NATO-ს წევრი (თუმცა, არ მიანიჭეს MAP), ოფიაციალური რუსეთი უკიდურესად გაღიძიანდა, ჯერ სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებდა, რომ საქართველო NATO-ს წევრი არ გამხდარიყო, შემდეგ კი, მთავარი სიტყვა ვლადიმერ პუტინს ეკუთცვნოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს NATO-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები ჰქონდა. უკვე 31 მაისს რუსეთმა რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლები თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. 30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.
ომის დაწყებამდე დაახლოებით 20 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსურმა მოსახლობამ დატოვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. რუსეთიდან იგზავნებოდა ავტობუსები, რითიც ოსური მოსახლეობა ტოვებდა ტერიტორიას. დაახლოებით 3-4 აგვისტოს სამხრეთ ოსეთიდან არტილერიამ დაიწყო ქართული სოფლების დაბომბვა. იბომბებოდა დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობა. მოეწყო რამდენიმე ტერაქტიც, მათ შორის ააფეთქეს სანაკოევისა და პოლიციის ავტომანქანები.
მთელი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე სხვადასხვა პროვოკაციის შემდეგ, 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ოსი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაწყებული საარტილერიო სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისდამცველი დაიჭრა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, ხოლო, თბილისში დაბრუნებულმა, მოგვიანებით საგანგებო განცხადება გააკეთა - „მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაშიც.
ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყისი
მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა ამ პირობის შესრულება, როგორც მოგვიანებით განაცხადა, ვერ შეძლო. კონფლიქტის ზონაში შექმნილმა ვითარებამ და სადაზვერვო ინფორმაციამ ცხადი გახადა, რომ რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა დაიწყეს როკის გვირაბით შემოსვლა. მთლიანობაში 7 აგვისტოს ღამით, საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა. „იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება პრეზიდენტმა თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა. არმიას საპასუხო ცეცხლით უნდა ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, რის შემდეგაც ცხინვალში ქვეითი ნაწილები შევიდოდნენ. 8 აგვისტოს, დილის 10 საათზე, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავრობის სახელით გორში საგანგებო განცხადება გააკეთა - იცით, რომ ამ დროისათვის ცხინვალის დაახლოებით 70 პროცენტი - მე ვგულისხმობ თვითონ ქალაქს და მის შემოგარენ სოფლებს - დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მაგრამ ამ განცხადებიდან ზუსტად 2 საათში ვითარება დრამატულად შეიცვალა. სპეციალური პუნქტისა და კორიდორის შექმნის წინადადებას რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციით უპასუხა და პირველ ეტაპზე საქმეში ჩართო სამხედრო ავიაცია, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე ცხინვალის მისადგომებთან. ქართულმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 8 აგვისტოს ღამის 10 საათზე, ცხინვალის დაკავება შეძლო - „ამ დროისათვის ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქალაქ ცხინვალს. ცხინვალი მთლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისაგან და ბანდფორმირებებისაგან. ქალაქი არის ძალიან დაზარალებული ორმხრივი ცეცხლის შედეგად, ისევე როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ.
9 აგვისტოს დილით კი, რუსეთმა საავიაციო იერიში განახორციელა გორში. დაიბომბა ქალაქში არსებული სატანკო ნაწილი და მის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები - თანაც, დაიბომბა ორჯერ, 15 წუთიანი ინტერვალით. დასახლებული პუნქტი ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა - დახოცილები, დაჭრილები...
ბრძოლა ცხინვალთან და რუსეთის არმიის ინტენსიური შეტევა
ამ დროს კი ცხინვალის მისადგომებთან ნამდვილი ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. საქართველოს არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფმა 58-ე არმიის ავანგარდს ცხინვალის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გაუმართა. „ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10, 20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით, - იხსენებს ერთ-ერთი ჟურნალისტი.
ამ წარმატებულმა საბრძოლო ეპიზოდმა და ქართული არტილერიისა და ტანკისტების მოქმედებამ რუსეთის 58-ე არმიის წინსვლა ვერ შეაჩერა. ცხინვალის მიმართულებით განვითარებული ოპერაციის გარდა, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საარმიო დაჯგუფების ნაწილებმა აფხაზეთიდანაც წამოიწყეს შეტევა, მთლიანად დაიკავეს ფოთი-ზუგდიდი-სენაკის მიმართულება და ცდილობდნენ ზურგში მოჰქცეოდნენ კოდორის ხეობის დაჯგუფებას, რომელმაც მანამდე მოახერხა სტრატეგიული ხეობიდან მანევრით უკან დახევა, ვიდრე ალყაში მოექცეოდა. შეტაკებების პარალელურად, 10 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ დაიწყო სოფლების მასიური დაბომბვა. როგორც მოგვაინებით ექსპერტები აცხადებდნენ, სხვა აკრძალულ იარაღთან ერთად გამოიყენეს ე.წ. „ვაკუუმური, მოცულობითი ბომბებიც. ყრიდნენ 500 კგ.-იან ჭურვებსაც.
რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზეც. დაიბომბა ვაზიანის ბაზა, თბილისის საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა.
12 აგვისტოს სარკოზიმ 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. მართალია, მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა, საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყდა.
26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლო) დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა.
საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა რუსეთმა 8 ოქტომბერს დაასრულა, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ცხინვალის რეგიონში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).
(მასალაში გამოყენებულია ამონარიდები სხვადასხვა ოფიაციალური დოკუმენტიდან, სახალხო დამცველის ანგარიშიდან, „რადიო თავისუფლებისა და სხვა საინფორმციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან).
commersant.ge