ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაანონსებული რეგულაციების ფონზე ტურისტულ ინდუსტრიაში ჯავშნები გააქტიურდა
25 ოქტომბერი, 2021

მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა ჯავშნების მიღება დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები მკაცრდება და პერსპექტივა ჯერ ისევ გაურკვეველია, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლები მიმდინარე სეზონზე გარკვეულ იმედს ამყარებენ და აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორდა. თუმცა, ტენდენციას შეინარჩუნებენ თუ არა, საბოლოოდ პანდემიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

,,მოთხოვნის ზრდა შეიმჩნევა. რამდენიმე შეკვეთა უკვე მივიღეთ. შარშან ამ დროს საერთოდ არ მიგვიღია შეკვეთა,  ვიმუშავებდით თუ არა, ესეც გაურკვეველი იყო, ახლა საქკმაოდ აქტიური მოძრაობაა. ველით ტურისტებს რუსეთიდან, უკრაინიდან, ევროპის რამდენიმე ქალაქიდან და საამიროებიდან. ძირითადად ჯგუფური ტურებია. რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ტრენდი გაძვირებისკენ არის მიმართული, კორექტირება არ მოგვიხდენია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნატო გაგაძე, სასტუმრო ,,მარკო პოლოს“ მენეჯერი.

თუმცა სასტუმროების ის ნაწილი, რომელიც პანდემიისას დაიხურა, მუშაობას ვერც წელს აგრძელებს. ,,თრუსოს“ დამფუძნებლის ლევან კარიჭაშვილის თქმით, სტრატეგიის შეცვლაზე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულან, რა ფორმით გააგრძელებს სასტუმრო ფუნქციონირებას.

,,წელს არ ვაპირებ გახსნას, დაკეტილი ვართ. ეს გადაწყვეტილება 2020 წლის მარტში მივიღეთ და ჩვენთვის ჯერჯერობით სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. რასაც ვუყურებ, გაურკვევლობაა. პრობლემას ქმნის მოლოდინიც, არ ვიცით რა რეგულაციები იქნება, სიტუაცია შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს.  ვფიქრობთ ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, მოსამზადებელ ეტაპზე ვართ“, - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო თრუსო 1999 წელს აშენდა. თავდაპირველად სასტუმრო წარმოადგენდა „გესთჰაუსის“ ტიპის სახლს, სადაც მხოლოდ 4 ნომერი ფუნქციონირებდა. მომდევნო წლებში (2004-2005) კი, სასტუმრო გაფართოვდა და კლიენტებს ნომრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად განახლებული ინფრასტრუქტურა შესთავაზა. სასტუმრო 2006 წლიდან მუშაობს და ფუნქციონირებს: 14 ნომერი, რესტორანი, ასევე, გრილ-ბარი.

ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან ბაკურიანშიც. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეგულაციების დაცვით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ საფრთხისგან დაზღვეული არ არიან. 

,,არასტაბილურობის განცდაა ქვეყანაში, დაძაბულია როგორც პანდემიური სიტუაცია, ასევე პოლიტიკურადაც არ არის ჯანსაღი მდგომარეობა, რაც ტურისტულ ნაკადებზეც გარკვეულწილად აისახება. სულ რომ არაფერი მოხდეს, ადამიანები მაინც იჩენენ სიფრთხილეს, თუმცა ამდენი შეზღუდვების შემდეგ დასვენებას მაინც ცდილობენ, რაც ჯავშნებზეც აისახა. რამდენიმე შეკვეთა უკვე მივიღეთ. ამდენი პრობლემის ფონზე ტურისტულ ბიზნესს მუშაობა ჰაერივით სჭირდება, ეს სეზონიც რომ ჩავარდეს, სასტუმროებს საერთოდ გამოეთხრება ძირი. იმდენად მობილიზებული ვართ, რომ რეგულაციების გამკაცრებაც არ გვაშინებს, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ისედაც ვიცავთ წესებს, მთავარია არ დავიკეტოთ და მუშაობის შესაძლებლობა გვქონდეს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ შორენა დარბაისელი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი ბაკურიანში.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში რეგულაციების დიდი ნაწილი გაუქმებულია,  მუდმივად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა იწყება, რამაც შესაძლოა, მორიგი შეზღუდვების წინაშე დაგვაყენოს. განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტულ ინდუსტრიას, სადაც რეგულაციები მკაცრდება.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისათვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი დააყენა, რომელიც საბჭომ მოიწონა.

ახალი რეგულაციებით, დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია.

რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.