დაბა სიონი ერთ-ერთი პოპულარული საკურორტო ზონა გახდება – როგორ აპირებს ხელისუფლება სიონის განვითარებას?
დაბა სიონს, რომელიც სიონის წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს, ზაფხულში დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობს. გამორჩეული კლიმატური პირობების და სუფთა წყლის მიღმა, რაც დამსვენებლს იზიდავს, დგას შიდა განვითარების სერიოზული ნაკლებობა.
„კომერსანტი“ დაინტერესდა იმით, არის თუ არა დაგეგმილი სამომავლოდ აღნიშნული საკურორტო ზონის განვითარება და ისე მოწყობა, რომ დამსვენებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს.
როგორც კომერსანტთან საუბარისას დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება თიანეთის მუნიციპალიტეტის და კონკრეტულად დაბა სიონის დაჩქარებული წესით განვითარებას ცდილობს.
„თიანეთისა და სიონის განვითარებას დაჩქარებული წესით ვცდილობთ. დასახლებულ პუნქტებში ახალი გზები მივიყვანეთ, თუმცა თიანეთში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, რაც ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. სიონის გაზიფიცირება მიმდინარეობს. 30 წელია სიონს გაზი არ ჰქონია და ამიტომ ახალ ქსელს ვაშენებთ და მაქსიმუმ ნოემბერში დასრულდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, სიონამდე მისასვლელი გზა ორივე მიმართულებით, როგორც საგარეჯოდან, ასევე თბილისიდან, გაკეთდა. სიონს უჭირს შიდა ურბანული განვითარება იმიტომ, რომ ადგილობრივი მეწარმეები ვაჭრობასა და მომსახურებას საკმაოდ დაბალგემოვნებიან სავაჭრო ობიექტებში ეწევიან. გზებისა და გაზიფიცირების შემდგომი პროცესი კანალიზაციის სისტემის აშენება იქნება, რაც სიონის განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სიონში გაზიფიცირება და კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება, დაბა სიონი აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული კურორტი იქნება.
„გარანტიას გაძლევთ, რომ გაზიფიცრების და კანალიზაციის პრობლემის მოგვარების შემდეგ, დაბა სიონი აღმოსავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ზონა იქნება. სიონს ორი უპირატესობა აქვს, რომელიც სხვა არცერთ საკურორტო ადგილს არ აქვს. ერთი ის, რომ სიონის ტბის წყალი, სადაც ადამიანები ცურავენ, ძალიან სუფთაა, რადგან სასმელი წყალია. მეორე უპირატესობა არის კლიმატური პირობები, რაც დამსვენებელს საშუალებას აძლევს, რომ დღისით მზეზე გაირუჯოს და საღამოს გრილ ოთახში დაიძინოს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილმა დუშეთში, ყაზბეგსა და თიანეთში სასტუმრო ბიზნესის განვითარების შესახებაც გვესაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ სტეფანწმინდასა და ყაზბეგში აქტიურობა შეინიშნება, თუმცა სხვაგან არა, რადგან ინფრასტრუქტურა გაუმართავია.
„ტურისტული თვალსაზრისით პერსპექტიულია ბაზალეთი, დუშეთი, ხევსურეთი, ფშავი და თიანეთის ზონები. ამ მხარეში ათამდე პერსპექტიული ზონა გვაქვს ტურიზმის განსავითარებლად, თუმცა მათგან ბევრ ზონაში ინფრასტრუქტურა გაუმართავია. ბაზალეთში საჯარო სივრცის პრობლემაც დგას. ერთმა ებრაელმა ინვესტორმა ბაზალეთის ტბაზე საცურაო კომპლექსი ააშენა, მაგრამ ამას მოჰყვა გზის და სანაპირო ზოლის გადაკეტვა, რაზეც განსაკუთრებით ნაწყენია ადგილობრივი მოსახლეობა. დუშეთში, ყაზბეგსა და მთიანეთში სასტუმრო ბიზნესი ნაკლებად არის განვითარებული ინფრასტრუქტურული გაუმართაობის გამო, თუმცა გუდაურსა და სტეფანწმინდაში შედარებით კარგი მდგომარეობაა. დუშეთსა და თიანეთს კი ინვესტიციების ნაწილში ძალიან უჭირს“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
როგორც ცნობილია, საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემოდის, მაგრამ ძირითადად დედაქალაქში და დიდ ქალაქებში, რეგიონებში - ნაკლებად. ზაქარია ქუცნაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ბაზრის მკაცრი კანონის გამო, რთულია ინვესტიციის იქ მოზიდვა, სადაც მოთხოვნილება არ არსებობს.
„მთის კანონი სწორედ ამიტომ მივიღეთ, რომ საკანონმდებლო სტიმულირების საფუძველი შეგვექმნა და ამით ინვესტიციები მოგვეზიდა. თუმცა არსებობს ბაზრის მკაცრი კანონი, რომელიც მხოლოდ იმაზე აკეთებს აქცენტს, სადაც დიდი მოთხოვნაა, ანუ მეწარმეებს არ უყვართ ახალი მოთხოვნის შექმნა. მათ უყვართ არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება. არსებული მოთხოვნები კი ძირითად ურბანულ დასახლებებში გვაქვს, სოფლებში - არა. გუდაურში 17 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს და კიდევ ათი ითხოვს ამ ეტაპზე ნებართვას. 17 სასტუმროს შორის არის ქართული, უცხოური ინვესტიციებიც და შერეულიც, თუმცა ქართული დომინირებს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
commersant.ge