ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა ევროპული მიდგომაა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული"
04 იანვარი, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულება ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის ფარგლებში მუშაობა აქტიურად მიმდინარებს. 2023 წელი გამორჩეული იყო გარემოსდაცვითი მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბიომრავალფეროვნების შესახებ საქართველოს კანონი“, რომელიც წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მოიწონა. აღნიშნული კანონი სრულად ასახავს ევროკავშირის ბიომრავალფეროვნების დაცვის პრინციპებს, განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების და ბუნების დაცვის მიმართულებით.

„ჩვენ უნდა შევქმნათ და გავაფართოოთ ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ქსელი. საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი ბუნებით და ბიომრავალფეროვნებით. ამას, ერთი მხრივ, მოფრთხილება სჭირდება, ასევე სჭირდება მიზნობრივად გამოყენება, ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდა, რაც რეგიონულ განვითარებას უწყობს ხელს. ეს არის სწორედ ის ევროპული მიდგომა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2023 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1 200 კმ სიგრძის ბილიკების ქსელის მოსაწყობი სამუშაოები ჩატარდა და არაერთი მნიშვნელოვანი ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, აღსანიშნავია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის და მარტვილის კანიონის განვითარების პროექტები.

„როდესაც იქმნება დაცული ტერიტორიები, ამას თან სდევს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისად რეგიონში იქმნება დამატებითი მიზიდულობის ცენტრი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების გარდა სხვა ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება, კერძოდ მცირე თუ საშუალო ბიზნესში ჩართულობა: სასტუმროების მშენებლობა, კვების ობიექტების განვითარება, რაც, თავისთავად, თან სდევს ეკოტურისტულ სერვისებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებსა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორსაც გააჩნია. კერძო სექტორი ამ მიმართულებით უნდა წავახალისოთ. ეკოტურიზმის ხელშეწყობა ევროკავშირში სოფლის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა. ამიტომ,  ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ გასაგები იყოს და ზუსტად რომ გვესმოდეს, აუცილებელია, ბუნების დაცვასთან ერთად მივცეთ, მათ შორის, კერძო სექტორს საშუალება განავითაროს კონკრეტული ეკოტურისტული სერვისები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ადგილზე ტერიტორიებზე წვდომა შეეზღუდება. პირიქით ეს დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მათთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.