„საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, „დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების გაძვირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაიგეს.
საქმე იმაშია, რომ დღეიდან საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით გაიზარდა.
„რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე ბილეთის ფასი დაახლოებით, 10%-15%-ით გაიზრდებოდა. ადმინისტრაციაში ფასების ზრდის ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ფასის ზრდა ორმაგად დიდ პრობლემას ქმნის, რადგან წინასწარ გაყიდული ბილეთების ფასზე აისახება.
ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია, ახალი ელექტრონული სისტემის გამო ბილეთებზე ანგარიშსწორება როგორ მოხდება, კომპანიებისთვის უცნობია.
„კომპანიებს ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე გაწერილი გვაქვს და მომდევნო სამი თვის ტური წინასწარ ძველი ფასით უკვე გავყიდეთ. პრობლემაა ის, რომ ახლა გაზრდილ ფასზე თანხის დამატება კომპანიებს საკუთარი ჯიბიდან კომპენსირება მოგვიწევს. რაც შეეხება გადახდის სისტემას, ტურისტული კომპანიები დაცულ ტერიტორიებს თანხას ხელშეკრულების გათვალისწინებით თვის ბოლოს ვურიცხავდით, თუმცა ახლა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩვენთვის არ აქვს ნათქვამი ვინ და როგორი ფორმით შემოდის“, – განმარტა ლაშა ბერეკაშვილმა.
bm.ge დაცულ ტერიტორიებზე შესვლის ბილეთების ფასების გაძვირების საკითხზე კომენტარისთვისგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსაც დაუკავშირდა.
როგორც სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი აცხადებს, ბილეთების გაძვირება დაცულ ტერიტორიებზე ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია.
ნიკო თევდორაშვილის აზრით, ტურისტულ კომპანიებს ფასების მატების გამო შემოსავლები გარკვეულწილად შეუმცირდებათ, თუმცა წაგებაზე არ წავლენ.
რაც შეეხება ტურისტული კომპანიების წინასწარ გაფრთხილების საკითხს, თევდორაშვილი აღნიშნავს, რომ ის ბილეთების გაყიდვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან და ფასის მატებასთან დაკავშირებით ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შეხვდა, თუმცა კონკრეტული კომპანიების დასახელება უჭირს.
„საქართველოში, დაახლოებით, 2 400 კომპანიაა, ვინც ამბობს, რომ ტურისტულ ბიზნესს ახორციელებს. ძირითად მოთამაშეებს ჩვენ „გურუ.ჯი“-ს წარმომადგენლებთან ერთად, დაახლოებით, ერთი თვის წინ შევხვდით. ყველა არა, მაგრამ ძირითადი მოთამაშეები გაფრთხილებულები იყვნენ. 2 400-ს რომ არ შევხვედრილვართ, ვიცი. არ მახსოვს, სია ვის შევხვდით და რა – რაოდენობას,“ – განმარტა ნიკო თევდორაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი დღეიდან 10%-15%-ით იზრდება.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
„მარტვილის კანიონი“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან – 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.
„პრომეთეს მღვიმე“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის – 20-დან 23 ლარამდე.
„სათაფლია“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.
„ოკაცეს კანიონი“ – ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი, 15-დან 17.25 ლარამდე.
bm.ge