დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ყაზბეგის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად მოხვდა პარკის საზღვრებში.
„დემარკაცია შეეხება ყაზბეგის ეროვნულ პარკს, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლის, ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლის, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლისა და თრუსოს ტრავერტინის ბუნების ძეგლის საზღვრებს.
დემარკაციას განახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იდეა დიზაინ გრუპი“, ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ჩართულობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან გაფართოების შემდეგ ხორციელდება. ეროვნული პარკის შექმნის პროცესში ხდება საქართველოს საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობა. შესაბამისად ის ნაკვეთები თუ ობიექტები, რომლებიც საკუთრებაში არ არის დარეგისტრირებული, შესაძლოა მოხვდეს ეროვნული პარკის საზღვრებში. დემარკაციის შედეგად ზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, გაიმიჯნება საზღვრებში მოხვედრილი დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურული ობიექტები, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
დემარკაციის პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 ივნისის №414 დადგენილების - „დაცული ტერიტორიების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად და ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროცესი მოიცავს საველე-აზომვით სამუშაოებს, მათ-შორის, შეცვლილი მონაკვეთის დასურათებას და შესაბამისი ოქმის შედგენას ახსნა-განმარტებებითა და ხელმოწერებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
imedinews.ge