„დაკარგული სამოთხის“ ავტორმა სოფლებში 114 ოჯახი დააბრუნა - რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების კამპანია დასრულდა
რაჭა-ლეჩხუმში მიტოვებული სახლების კამპანია დასრულდა. როგორც იდეის „დაკარგული სამოთხე“ ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ეს საკმაოდ დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და საკუთარი რესურსი ამოწურა - „1 კარმიდამო რომ იპოვო, მინიმუმ 4-7-ჯერ მაინც უნდა გახვიდე სოფლებში“.
თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქტიურ მუშაობას მაინც გააგრძელებს. კერძოდ, საუბარია ლეჩხუმის განვითარების ლიგის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სხვადასხვა პროექტების საშუალებით, რეგიონის განვითარებაზე იზრუნებს.
ცნობისთვის, ლექსო ჩარკვიანმა პროექტი „დაკარგული სამოთხე“ 2018 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე, უკვე 95 მიტოვებულ სახლს აპოვნინა ახალი პატრონი. კამპანიის ფარგლებში, ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებდა და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობდა. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებდა, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადიოდა. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდებოდა, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავდა, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებდნენ.
რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.
„კამპანიის დასრულების მიზეზია ხარჯები. მე აქედან არანაირი ფინანსური ინტერესი და სარგებელი არ მქონია. ყველაფერს საკუთარი ჯიბიდან ვაკეთებდი. 1 კარმიდამო რომ იპოვო, მინიმუმ 4-7-ჯერ მაინც უნდა გახვიდე სოფლებში. ამიტომ, რესურსი უკვე ამოვწურე.
ამ დროისთვის, 95 კარ-მიდამოა გამთბარი ჩემი კამპანიით, თუმცა, სათვალავში ერთიანად 114 ოჯახია, იმიტომ, რომ ვინც დასახლდა, მათთან სტუმრობის შემდეგ, მათმა ახლობლებმაც იყიდეს სახლები. გარდა ამისა, 7 ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ვაპოვნინე. წარმოშობით იყვნენ ლეჩხუმიდან, ეძებდნენ სახლს საყიდლად, ეგონათ რომ არ ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში მიტოვებული იყო. ერთ-ერთ მათგანს დახვდა 78 წლის წინ მიტოვებული 2-სართულიანი სახლი, რომელსაც მეზობელი უვლიდა“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „დაკარგული სამოთხის“ ავტორი, დანებებას არ აპირებს და მეტიც, როგორც თავად ამბობს, რეგიონის გამოცოცხლებას ახლა უფრო მეტი ენერგიითა და მონდომებით შეუდგება.
„რადგან ფიზიკური პირი ვიყავი და ვერ ვახერხებდი იმაზე მეტს, რაც გავაკეთე, ახლა ვფიქრობ, ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო და დონორების, ასევე, „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით, ჩემს ორ თემში მაინც ავამოძრაო ხალხი. ამ კამპანიის დროს, მე ავამუშავე 3 საოჯახო სასტუმრო, მერვე წელია ტუროპერატორი ვარ და ვასწავლე, რა როგორ უნდა გაკეთებულიყო. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც შეგვიძლია რეგიონი გამოვაცოცხლოთ“,- ამბობს ლექსო ჩარკვიანი.
წყარო: bpn.ge
commersant.ge