ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ევროპიდანაა" - "მხატვრის სახლი"
15 მარტი, 2024

რაჭაში მდებარე საოჯახო სასტუმრო ‘’მხატვრის სახლის“ დამფუძნებელი თემურ გუგეშაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ზაფხულში სასტუმრო სრული დატვირთვით იმუშავებს. მისი ინფორმაციით, ახალი სეზონის წინ ჯავშნების მიღება უკვე დაიწყო, პოტენციური დამსვენებლების ძირითადი ნაწილი კი ევროპიდანაა, მათგან უმრავლესობა კი სათავგადასავლო ტურების მოყვარულები არიან. 

გუგეშაშვილის თქმით, 2023 წელს  ''მხატვრის სახლმა" სრული დატვირთვით იმუშავა და ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს,  ‘’მხატვრის სახლი“ დაახლოებით 30%-ით იყო დატვირთული, რაც სასტუმროს ხელმძღვანელის შეფასებით, დიდთოვლობას უკავშირდებოდა.

ნეგატიური ტენდენცია, რაზეც თემურ გუგეშაშვილი ყურადღებას ამახვილებს, ადგილობრივი ტურისტების დეფიციტია, რის სავარაუდო მიზეზად მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას მიიჩნევს.

‘’ზამთრის კვალობაზე წელს საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. დამსვენებლების დიდი ნაწილი, ძირითადად მოთხილამურეები, ევროპიდან გვესტუმრა. ყველაზე მეტი მოთხოვნა პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან იყო.  მცირე ნაწილს აშშ-დანაც ვუმასპინძლეთ. ამასთან,  თოვლიან სეზონზე რაჭაში ადგილობრივი ტურისტების დეფიციტი ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა. დიდთოვლობისას ქართველების აქტიურობა ყოველთვის თვალშისაცემი იყო, მაგრამ წელს რატომღაც ამ სეგმენტმა ვერ იმუშავა. კონკრეტული მიზეზის დასახელება გამიჭირდება, არ გამოვრიცხავ, ეკონომიკურ პრობლემას უკავშირდებოდეს, ვინაიდან ზამთრის ტურიზმი შედარებით მეტ ხარჯს მოითხოვს, რის შესაძლებლობაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს. თუმცა ზაფხულის სეზონი სრულად დაიტვირთება. გათვლა ევროპულ ქვეყნებზე გვაქვს. იმედია, ქართველი მომხმარებლების მხრიდანაც გაიზრდება ინტერესი“, - აღნიშნავს გუგეშაშვილი.

‘’მხატვრის სახლის“ დამფუძნებლის განცხადებით, ევროპელი ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგული კამპანიისთვის არ მიუმართავთ, შეკვეთებს კი ონლაინ იღებენ როგორც საოჯახო სასტუმროს ერთგული მომხმარებლების მხრიდან, ასევე მათი რეკომენდაციების საფუძველზე.

მისივე  განცხადებით, საოჯახო სასტუმროში დასვენების მსურველებს შორის არიან რუსებიც, თუმცა უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების დღიდანვე ამ სეგმენტს პრინციპულად არ ემსახურება.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო ''მხატვრის სახლი" ონის მუნიციპალიტეტში 2008 წელს ამოქმედდა. ტრადიციული რაჭული სახლი დაახლოებით 150 წლისაა. პროექტის რესტავრაციაა ოჯახმა ,,აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განახორციელა, რისთვისაც ₾ 35 000 ლარის  დაფინანსება მიიღო.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.