მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას მიმდინარეობს და ნოემბერში დასრულდება.
ამ დროისათვის, გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.
გვირაბის აშენების შემდეგ, მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხო იქნება. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის, ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი 51 892 174 ლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი.
www.travelingeorgia.ge