ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დარიალის ხეობაში 2 კმ-იანი სიგრძის გვირაბი გაიხსნა
10 სექტემბერი, 2018

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 132-135 კმ მონაკვეთზე, 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. 
ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  აშენდა.
გვირაბი უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიას ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა.


სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. 
ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 892 174 ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.