ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაშბაშის კანიონითა და თბილისის ეროვნული პარკით ინვესტორები დაინტერესდნენ
10 ივნისი, 2019

„პირველად საქართველოს ისტორიაში, ინვესტორი დაინტერესდა თავად ჩაედო ინვესტიცია დაცული ტერიტორიის მოსაწყობად, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისუფლდება ინვესტიციისგან და ბიზნესი ნელ-ნელა შედის მართვაში“ – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკო თევდორაშვილმა, გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში 53 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს აჭარბებს. ამ მიზნით, გასულ წელს, მხოლოდ 5 მლნ ლარი დაიხარჯა.

„დაშბაშის კანიონზე გამოცხადებული გვქონდა აუქციონი და სახელმწიფო მზად იყო 2,5 მლნ ლარი გადაეხადა მის განვითარებაში, თუმცა გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზარ არის რამდენიმე ათეული მილიონი ჩადოს, მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და წალკაში, სადაც არ არსებობს ბიზნეს-ინფრასტრუქტურა, განავითაროს ახალი შესაძლებლობები, რომლის შედეგადაც გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრი.

პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 2020 წლისთვის გარკვეული სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული“ – აღნიშნა ნიკო თევდორაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის ეროვნულ პარკს, დაინტერესებული ინვესტორი ამ ტერიტორიასაც გამოუჩნდა, სადაც 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება და განხორციელდება კანონის მიხედვითა და ბუნების დაცვით.

„დახარჯული ფული საჭიროებს ამოღებას, ეს კი იმ სერვისების დახმარებით უნდა მოხდეს, რაც გავაკეთეთ. შედეგად, ფული ისევ ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ბუნების დაცვაში უნდა ჩაიდოს. ამიტომაც გაიზარდა ღირებულება დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორებისთვის, თუმცა სხვაობა დაახლოებით 2-3 ლარს შეადგენს, ამიტომ ბიზნესს ვფიქრობ, ეს ფაქტი მძიმედ არ დააწვება.

თუკი ტურისტული კომპანიების ფასებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, მარტვილში სამი ობიექტის მონახულება ერთი ადამიანისთვის 90 დოლარი ჯდება, როცა ტურის თვითღირებულება ბევრად ნაკლებია, ამიტომ მათი პროტესტი მიუღებელია“ – აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.