ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დასვენების დროა - გაიგეთ რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს
19 ივნისი, 2018

ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო.  საქართველოში სხვადასხვა კურორტი სხვადასხვა სიახლით ეგებება სეზონს. მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება დამსვენებელს აჭარაც.

ზღვაზე დასასვენებლად ჩასულ სტუმრებს მთიანი აჭარის ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ.

განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.

ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ირწმუნება, რომ მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. უკვე მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ.

  • ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი
  • გოდერძი - მწვანე ტბა - შავი ტბა - დანისპარაულის წრიული მარშრუტი
  • ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი 

მთიან აჭარაში ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა კურორტ გოდერძიზე, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, ხანძართ-უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ტრენინგები ჩაუტარდა 80-მდე განთავსების ობიექტის 300 თანამშრომელს.

იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია იფრენს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ემატება ჩარტერული რეისებიც.

წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ. ბათუმის ულამაზესი ხედების ნახვა უკვე შვეულმფრენიდანაც იქნება შესაძლებელი.

სიახლეა განთავსების ობიექტების მხრივაც. გასულ წელს რეგისტრირებულ 429 ობიექტს  9 ახალი შეემატა. კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო „გლორია“ კი ბათუმში ზაფხულის პერიოდში გაიხსნება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.