„დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“ - ივლისიდან რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი იწყება
„დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“ - ასეთია რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობა“ სლოგანი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართება.
„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია და მისი მიზანია რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
ფუძეობა ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები.
მოეწყობა ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. უცხოელი დაქართველი ტურისტებისთვის მოეწყობა საფესტივალო ქალაქი, მათ საშუალება ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწიელობა სპორტულ შეჯიბრებებსა და რეგიონისთვის დამახასიათებელ აღდგენილ ქართულ თამაშები.
ღონისძოების ფარგლებში მოეწყობა ნატვრის ხე „ფუძეობა“. აქტივობა სიმბოლურად გამოხატავს რეგიონიდან წასული ადამიანების ფუძეზე დაბრუნებას, რაც ემსახურება ფესტივალის სლოგანსა და მთავარ მოწოდებას „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“.
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“ ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები: ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები.
პროექტი CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge