ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„დაუსაბუთებელი და მიკერძოებული„ - ზაზა დუგლაძე რუსეთში მისი კომპანიის ღვინის დაწუნებაზე
02 აპრილი, 2021

"დაუსაბუთებელი და მიკერძოებული "- ასე შეაფასა ,,დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ აქციონერმა და მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა დუგლაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რუსეთში მათი კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის სახეობებზე ნეგატიური შეფასება.

მისი თქმით, კომპანია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოეხმაურება. ახლა კი, საკითხის დეტალურ მოკვლევას აწარმოებენ.

,,არ შემიძლია ამ მომენტისთვის დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ცხადია, ეს არის აბსოლუტურად მიკერძოებული, არაპროფესიონალური და საერთოდ, უმიზეზო გადაწყვეტილება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს, ჩვენი კომპანიის არცერთი ბოთლის ხარისხი, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც რუსეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დამდგარა. ერთი წუნდებული ბოთლი არ გვაქვს, არც ხარისხის პრობლემა. თუმცა დავდექით ამ რეალობის წინაშე და აუცილებლად უახლოეს დროში გავცემთ პასუხს, რადგან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა.

დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არც ახლა გვაქვს ხარისხის პრობლემა. რთულია გადაჭრით საუბარი, რას შეიძლება განეპირობებინა ასეთი გადაწყვეტილება.

საქართველოდან იმპორტირებული ღვინო გადის ძალიან მაღალი სტანდარტის ლაბორატორიულ შემოწმებას და იმდენ დოკუმენტს საჭიროებს, რომ გამორიცხულია ჩვენი მხრიდან მსგავსი შეცდომა ყოფილიყო. არ მინდა, ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დავუკავშირო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეჭვს აქვს ლეგიტიმაცია. ახლა გარკვევის პროცესში ვარ, 2-3 დღეში მეცოდინება და მერე, უფრო მეტის თქმას შევძლებ. ახლა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე“,- განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ზაზა დუგლაძემ.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის დეპუტატი კომპანიის მართვაში აღარ მონაწილეობს, თუმცა რჩება ,,დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ აქციონერად. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“ მსოფლიოს 30 ქვეყანაში ახორციელებს საქართველოდან ღვინის ექსპორტს.

შეგახსენებთ, არაკომერციული ორგანიზაციის Роскачества-ს ექსპერტების მიერ შედგენილ ანტირეიტინგში, სადაც 15 დასახელების ღვინო მოხვდა, 6 საქართველოში წარმოებულია. (5 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ერთი - დე ფაქტო აფხაზეთში). ანტირეიტინგში მოხვდნენ დუგლაძეების ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული - "ქინძმარაული", "წინანდალი" და "საფერავი". ანტირეიტინგში მოხვდა „ქინძმარაული-მუზარადიც“, რომელსაც სს „კოტეხი -გურჯაანის ღვინის ქარხანა“ ამზადებს და რომლის სამეთვალყურეო საბჭოში „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ დამფუძნებლები არიან. დაწუნებულებს შორისაა შპს Bolero & Company-ის წარმოებული „ქინძმარაული ბეთანელი“.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.