დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი – აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ამხელა მშენებლობა არც ერთ სექტორში აქამდე არ განუხორციელებიათ
აზერბაიჯანელები ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას აშენებენ, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ეს არის კატასტროფა, – ამის შესახებ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) აცხადებს.
ამასთან, მისი თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრებიის რაოდენობა 70-80 კაცამდეა გაზრდილი, ხოლო ყაზარმების აშენების შემდეგ ადგილზე მათი 300-მდე მესაზღვრე დადგება. ამასთან, არქიმანდრიტის განმარტებით, მართალია, ახალი მთავრობა დაინიშნა, თუმცა პოლიტიკოსებისგან დავით გარეჯთან მიმართებით არც ერთი კითხვა არ დასმულა.
„მდგომარეობა უარესია. არაფერი გამოსწორებულა, არაფერი შეცვლილა. პირიქით, აზერბაიჯანელები აშენებენ ორ უზარმაზარ სასაზღვრო ყაზარმას, ისეთს, რომ ალბათ, არც ერთ სექტორში, არც საზღვარზე ამხელა მშენებლობა არ განუხორციელებიათ. ამიტომ ვამბობ, ეს ყველაფერი აბსურდია, რასაც ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ რაღაცას აგვარებენ და ვერ ვხვდები, რა უნდა მოაგვარონ. იმიტომ, რომ დღევანდელი პრემიერი შს მინისტრი იყო, მის კომპენტენციაში შედიოდა საზღვრის საკითხი, არაფერი მოგვარებულა. დღეს პრემიერია, რა უნდა მოაგვაროს? – ერთი კითხვაც არ დაუსვამთ პოლიტიკოსებს გარეჯთან მიმართებით. ამ სახელმწიფოს რა უნდა ეშველოს, არ ვიცი,“ – განაცხადა არქიმანდიტმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, უდაბნოს მონასტრის ფერდზე, რომელიც ქართული მონასტერია და ჩვენს საზღვრებს გარეთ არასოდეს ყოფილა, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ენაზე დააწერეს: „სამშობლო შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივი არისო“.
„მონასტერი ხომ თხემზეა, ზედ წვერზე გაშენებული ეს ქვაბულები. აი, ამ ქვაბულების დაბლა, დაახლოებით 50-70 მეტრში, ფერდზე პატარა სწორი ადგილი მოძებნეს და თეთრად რაღაც დააწერეს აზერბაიჯანულად. მე რომ ვიკითხე, რას ნიშნავს ეს-მეთქი, მითხრეს – სამშობლო, შენთვის სიკვდილი, ჩემთვის პატივიაო,“ – განაცხადა არქიმანდიტმა კირიონმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს.
„აზერბაიჯანი არაფერს დათმობს იმხელა ფინანსებს ხარჯავს, დაახლოებით 18 კმ-დან დენი გამოიყვანეს. როგორ ფიქრობთ, 18 კმ-დან დენს რომ გამოიყვანს სახელმწიფო, ის ფიქრობს, რომ შეიძლება აქედან მე ხვალ წავიდეო?“ – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მისივე შეფასებით, განსხვავებით ქართული მხარისგან, აზერბაიჯანელებს გეგმა აქვთ და სწორედ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ, ხოლო საქართველოს შესაბამისი უწყებების პასუხები სტანდარტულია.
„პასუხები გენიალურია – ისინი დღედაღამ მუშაობენ. არ სძინავთ, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე არიან, იმიტომ, რომ საჭმელი მუშაობისგან არ ახსოვთ. შევხედავთ, კოსტიუმი აცვია, ჰალსტუხი უკეთია, სოლიდურად ჩაცმულია, სოლიდურად გვესაუბრება და გვაჯერებენ. ვიღაცა იჯერებს. ფაქტია, რომ ამ ზღაპრებსა და ტყუილებს საზოგადოება ამდენი ხანია იჯერებს,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.
Commersant.ge