თბილისში Radisson RED -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა მერიისგან შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება. პროექტი ბიზნესმენ დავით კოდუას ეკუთვნის, რომელიც რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროექტი მზად აქვთ, ამ ეტაპზე საჯარო რეესტრიდან დოკუმენტაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროექტი დამტკიცებაზე შევა მერიაში. კოდუას თქმით, პროცესს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.
„ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს, კონსტრუქციები, პროექტი გვინდა, რომ მერიამ დაგვიმტკიცოს და დავიწყებთ მშენებლობას" – აცხადებს კოდუა
მისივე ინფორმაციით, მშენებლობის დაწყებიდან პროექტის დასრულებას წელიწადნახევარი დასჭირდება. ბრენდთან შეთანხმების მიხედვით სასტუმრო Radisson RED 2019 წელს უნდა გაიხსნას.
სასტუმრო 100 ნომრისგან შედგება. საინვესტიციო ღირებულება კი 7-8 მილიონი დოლარია. ხელშეკრულება თბილისში სასტუმროს გახნასთან დაკავშირებით გასულ წელს გაფორმდა.

სასტუმრო თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნება. განკუთვნილი იქნება ბიზნეს მოგზაურებისთვის, აქვე იქნება რესტორანი, ტერასა და ბარი.
დავით კოდუას კომპანია 2019 წელს მელიქიშვილის გამზირზე კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმროს გახსნასაც გეგმავს. ბიზნესმენის განცხადებით, გადაწყვეტილია, რომ მელიქიშვილზე Hampton by Hilton-ის სასტუმრო გაიხსნება.მისივე თქმით, არსებულ პროექტში Hilton-მა გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მთავარი კონტრაქტი პროექტთან დაკავშირებით 7 ივნისს გაფორმდება და დაიწყება აქტიური სამშენებლო პროექტი. სასტუმრო 7 სართულიანი იქნება. საინვესტიციო ღირებულება 8-10 მილიონი დოლარია და მისი გახსნაც 2019 წელსაა დაგეგმილი.

ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
commersant.ge