ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დედოფლის გორის სიმდიდრე
21 სექტემბერი, 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურთან ეროვნული მუზეუმის არქეოლოგების ჯგუფი დედოფლის გორის სამეცნიერო კვლევა-ძიებას ახორციელებს. არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარე წლის საველე სამუშაოებს სექტემბრის თვეშივე დაასრულებს.

კვლევა-ძიება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით მიმდინარეობს. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

ხალკოლითის პერიოდის (6 ათასი წლის წინანდელი პერიოდი) უძველესი დასახლების მრავალფენიან ნამოსახლარს, რომლის კულტურული დანაშრევების სიმაღლეც 14 მეტრია, არქეოლოგიური ექსპედიცია 1985 წლიდან იკვლევს. 
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია 2018 წლის საველე კამპანიაც. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოდროინდელი სასახლის 2 ოთახისა (N25 და N26 ოთახები) და კიბის უჯრედის გაწმენდის შედეგად გამოვლინდა ალიზის თაღოვანი საკურთხეველი გვერდზე მდგარი პურის საცხობი ღუმელით. ერთ-ერთ ოთახში გამოვლენილია აღმოსავლეთ კედელზე მიშენებული ალიზის პოდიუმიც, ჩალესილი ხელსაფქვავით, ხორბლით სავსე დერგითა და პოდიუმზე მდგარი წითლად მოხატული ხელადით.

სამეფო რეზიდენციის ოთახებში მრავლად აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების ნივთები და სხვადასხვა სისქის გრეხილი თოკები. აქვეა მიკვლეული ბრინჯაოსგან ჩამოსხმული წყვილჩლიქიანი ცხოველის წინა ფეხი, რასაც მეცნიერები ავეჯის ნაწილად მოიაზრებენ.

დედოფლის გორა მდებარეობს მდინარე ფცის მარცხენა ნაპირზე, მის მტკვართან შესართავის მახლობლად. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს დედოფლის გორაზე აშენდა სასახლე, რომელიც დროდადრო - როდესაც მეფე დედოფლის გორის სასახლის მახლობლად მდებარე სამლოცველოს მიაკითხავდა, სამეფო რეზიდენციად იქცეოდა. სასახლე მოიცავდა დედოფლის გორის 4000 კვ.მ. ფართობის მთლიან თხემს. ჩვ.წ. I საუკუნის ბოლო მეოთხედში სასახლე და ტაძარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად განადგურდა. მიწისძვრას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც დედოფლის გორის სასახლის ზედა სართულების დამწვარმა ნანგრევებმა საფუძვლიანად დაფლა პირველი სართულის ოთახები. 

არქეოლოგიური გათხრების შედეგად წლების განმავლობაში მოპოვებული მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია და მოიცავს ყოფაცხოვრების ყველა სფეროს. საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული, ლითონის და მინის ჭურჭელი, სამკაული, საბეჭდავები, მონეტები, ავეჯი და ქსოვლები ერთობლიობაში თხუთმეტიათასამდე ექსპონანტს მოიცავს, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზუემის დედოფლის მინდვრის ფონდში ინახება.

www.tarvelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.