ქართველი მოგზაურებისთვის ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოთხოვნადი ის მიმართულებებია, სადაც საშობაო ბაზრობებია და ლამაზად აღნიშნავენ შობას - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ჩექინ თრეველის“ დირექტორი ლევან ოსეფაიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, მიმართულებები, რომელიც დეკემბერში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთი, ჩეხეთი, ავსტრია და უნგრეთია.
„ამ ყველაფერს განაპირობებს ახალი წლის მოახლოება, შობა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია გარკვეულ ფასებთან, თუმცა, დღესდღეობით, რაც უფრო ადრე დაჯავშნი პაკეტებს, მით უფრო იაფად წახვალ. ხელმისაწვდომი ფასები ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მოგზაურებისთვის, რომელთაც სურთ, რომ იაფად და ხარისხიანად დაისვენონ ევროპაში.
რაც შეხება მზარდ პოპულარულ ადგილებს, უკვე, თანდათან გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ დიდი პოპულარობით შემოვიდა ქართველ მომხმარებლებში აზიის მიმართულება, ისეთი, როგორიცაა ტაილანდი, შრი-ლანკა და ა.შ. მაგრამ, ნომერ პირველი ამ ეტაპზე, ჩვენი სტატისტიკით, მაინც ევროპის მიმართულებებია, ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და შემდეგ უკვე, აზიის სხვა ქვეყნები“ - ამბობს ლევან ოსეფაიშვილი.
რაც შეეხება ფასებს, მისივე თქმით, ფასები, პანდემიის შემდეგ რადიკალურად შეცვლილი და გაზრდილია. თუმცა, ამას აბალანსებს ადრეული ჯავშნები - მომხმარებელი, რომელიც ადრე შეიძენს ტურისტულ პაკეტებს, შედარებით, ხელმისაწვდომ ფასად შეძლებს დასვენებას.
„ბიზნესპარტნიორი“ ასევე, დაინტერესდა, რამდენად ხშირად სარგებლობენ ქართველი მოგზაურები ტურისტული კომპანიების მომსახურებით.
„ნებისმიერ ადამიანს თვითონ შეუძლია დაგეგმოს, შეიძინოს ავიაბილეთი - ეს მათი არჩევანია. მაგრამ, აქ მთავარია სერვისი. ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც, შეიძინეს, მაგალითად, სასტუმრო და ადგილზე ჩასულს არ დახვდათ, შეექმნათ პრობლემა, თვითონ ვერაფერს აკეთებენ. ამისთვის ვართ ჩვენ სწორედ - მეგზური, რომელიც მომხმარებელს გვერდით უდგას პრობლემების გადაწყვეტის დროს“ - აცხადებს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი.
bp.ge