ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
DEUTSCHE WELLE: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა
27 ივნისი, 2019

ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია – სტატიას ამ სათაურით გერმანული Deutsche Welle-ს რუსულენოვანი განყოფილება აქვეყნებს.

ჟურნალისტი წერს, რომ გერმანიასა და ავსტრიაში რუსეთის “როსპოტრებნადზორის” მიერ შავ სიაში შეყვანილი არაერთი ღვინო იყიდება, ყველაზე კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი კი, ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელია.

“ქართული ღვინის ხარისხით, რომელსაც რუსეთში იწუნებენ, ევროპაში აღფრთოვანებულები არიან”, – აღნიშნავს რეპორტიორი.

გამოცემამ ევროპელი მეღვინეები გამოკითხა. პროფესიონალი სომელიები ცალსახად ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხთან არანაირი პრობლემა არ აქვთ. როგორც ჟურნალისტს ფრანქფურტის ღვინის მაღაზიათა ქსელის მეპატრონემ ლიუბენ ლინგროუმ განუცხადა, საქართველოდან იმპორტირებული ღვინის ხარისხი მუდმივად ლაბორატორიულად მოწმდება და ყოველ ჯერზე დგინდება, რომ მას უმაღლესი ხარისხი გააჩნია.

ბერლინის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მეპატრონე ალექს შრაინერი, რომელიც ამ ბიზნესით 16 წელია დაკავებულია, სტატიის ავტორთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში საუკეთესო და კარგი ხარისხის ღვინოებიც აქვთ. რუსეთის “როსპოტრებნადზორის” მიერ ქართული ღვინის ხარისხის დაწუნებას კი გერმანელი პროფესიონალი წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მარეგულირებელმა ქართული ღვინის ხარისხი, პუტინის მიერ საქართველოსთვის ე.წ ტურისტული ემბარგოს ამოქმედების შემდეგ დაიწუნა. პოპოვას უწყებაში განმარტეს, რომ ქართული ღვინის ხარისხი 2014 წლიდან 2018 წლამდე, დღითი-დღე უარესდება, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან, 8 ქართულ ღვინის მწარმოებელს რუსულ ბაზარზე შესვლა აუკრძალონ.

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.