ჯაკუზი ვერანდაზე და მინის საძინებელი - ტურისტული სერვისების დივერსიფიკაცია დაიძრა
ხის კომფორტული ეკო-კოტეჯები აჭარის ბუნების წიაღში, მთისა და მდინარის ხედები, ბუნებრივი სარეკრეაციო ადგილები ტყის მასივში და სარელაქსაციო ღია ზონები - საქართველოს ტურისტული სერვისი მხოლოდ საზღვაო და სამთო–სათხილამურო ზონებით აღარ შემოიფარგლება. ტურისტულ მომსახურებაში ახალი ხედვების ერთ–ერთი მაგალითია კომპანია woodpecker (კოდალა), რომელიც ბუნებაში დასვენების მოყვარულებს აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კირნათში, დასვენებისთვის არაჩვეულებრივ გარამოს სთავაზობს.
„კომერსანტს“ woodpecker-ის თანადამფუძნებელმა ბაჩო გურაბანიძემ უთხრა, რომ კომპანიის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ხის ორი ეკო–კოტეჯია, სადაც მომხმარებელს კომფორტული დასვენებისთვის ყველა პირობა აქვს.
„სოფელი კირნათი ძალიან ლამაზი ადგილია, ჩვენი სივრცე მდინარე ჭოროხთან ახლოს მდებარეობს, აქვეა ისტორიული გვარას ციხე, რომელსაც ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავს. სახელიც ტყიდან გამომდინატე დავარქვით woodpecker, ანუ კოდალა. ამ ეტაპზე ორი კოტეჯი გვაქვს, პანორამული ხის კოტეჯებია, მინის საძინებლები გვაქვს ხედით ტყეზე, მთაზე და მდინარე ჭოროხზე, რომელიც შეგუბებულია და ტბის იმიტაცია აქვს, ძალიან ლამაზი სანახაობაა.
ჩვენი სივრცე გამორჩეულია იმით, რომ გვაქვს იზოლირებული გარემო, ეს არ არის მხოლოდ მთაზე შემდგარი კოტეჯი, რომელსაც კარგი ხედები აქვს, ჩვენი სივრცე შემოსაზღვრულია კაპიტალური ღობით, სადაც დამსვენებელი სრულიად იზოლირებულია, ერთი კილომეტრის რადიუსით მოსახლეც არ არის.
კოტეჯების გარდა ჩვენ გვაქვს ფანჩატური, გვაქვს შუა ცეცხლი, იზოლირებული სამზარეულო, ტყეში საქანელები, ჰამაკები და კოტეჯებში ვერანდაზე არის ჯაკუზი. კოტეჯები ერთმანეთისგან განსხვავებულია, ერთი არის ჯაკუზით და მომხმარებელს ვერანდაზე რუჯის მიღების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო მეორე ტყეშია ჩაფლული, სადაც სრული სიმშვიდეა“, - აღნიშნა ბაჩო გურაბანიძემ.
როგორც გურაბანიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობას რამდენიმე დღეში იწყებენ, მომხმარებელთა დაინტერესება საკმაოდ მაღალია და წინასწარი ჯავშანები უკვე მიღებული აქვთ. მისივე თქმით, დასვენებით დაინტერესებულია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებიც. რაც შეეხება ფასს, ზაფხულის სეზონე დღე–ღამეში 350 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს და ადამიანების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
„ჩვენნაირი პანორამული კტეჯების მიმართულებით როგორც აჭარაში, ასევე სხვა რეგიონებში, საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, თუმცა ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს და ჩვენი მიმართულება გვაქვს აღებული, რომელმაც უნდა გაამართლოს. რა თქმა უნდა, ბუნებაში დასვენების იდეა ჩვენ არ მოგვიგონია, თუმცა მთავარია როგორ შეფუთავ და როგორ მიაწოდებ ამას ტურისტს/მომხმარებელს, ვცდილობთ მათ ინტერსებზე, გემოვნებაზე მოვერგოთ. ძალიან კარგია, რომ ეს სფერო ვითარდება, ბევრი კონკურენტი გვყავს, ჩვენც ბევრს ვუწევთ კონკურენციას, ბევრი ლამაზი ადგილია, თმცა ვფიქრობ, რომ ყველას თავისი ნიშა აქვს დაჭერილი და მომხმარებლებიც ჰყავს.
ბაზაზე არიან კომპანიები, რომლებიც რამდენიმე წელია ამ მიმართულებით მუშაობენ, არიან ისეთებიც, ვინც ჩვენთან ერთად დაიწყეს“, - აღნიშნა ბაჩო გურაბანიძემ.
გურაბანიძე ამბობს, რომ ხელვაჩაურში woodpecker-ის გამოჩენა ადგილობრივი ადამიანების დასაქამებას და რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, რეგიონს დაეხმარება, როგორც შიდა ტურიზმის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების კუთხით.
„რაც მთავარია, ჩვენ რეგიონის განვითარებაში ჩენი წვლილი შეგვაქვს, ამ ეტაპზე დაახლოებთ ათი ადამიანი დავასაქმეთ, ეს რიცხვი ჩვენ განვითარებასან ერთად გაიზრდრება, ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში ჩვენ წვლილს შევიტანთ, ახლოს არის ციხე გვარა, სადაც ბევრი ტურისტი მოდის და ჩვენი ადგილითაც ინტერსდებიან. ჩვენ ჩვენ წვლილს შევიტანთ ადგილის პოპულარიზაციაში, ჩვენ წვლის შევიტანთ იმაში, რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიყვანოთ და უცხოელებს და საქართველოს მოქალაქეებს აჭარის მაღალმთიანეთი დავათვალიერებინოთ.
შეიძლება ითქას, რომ ორივე მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა. ჩვენ ჩვენი კოტეჯები საერთაშორისო პლატფორმა Booking.com-ზეც განვათავსეთ და რომ არ ველოდი, მოკლე დროში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერესის სფეროში საკმაოდ მალე მოვხვდით. შეიძლება ითქვას, რომ უცხოელი და ადგილობრივი ტურისტების დაინტერესება 50/50-ზეა“, - მოგვითხრობს ბაჩო გურაბანიძე.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, პროექტზე მუშაობა თებერვალში დაიწყო და ზაფხულის სეზონზე ტურისტების მისაღებად უკვე მზად არის. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას, ამ ეტაპზე ის 220 000 ლარს შეადგენს, თუმცა woodpecker განვითარებას განაგრძობს.
„პროეტზე მუშაობა თებერვალში დავიწყეთ, მანამდე ტერიტორიებს ვეძებდით მე და ჩემი მეგობარი, ყველაზე მეტად ეს ადგილი მოგვეწონა. თებერვალში დავიწყეთ მუშაობა და ზაფხულში ტურისტების მისაღებად მზად ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ ივლისი–აგვისტო კიდევ წინ არის და ვუმასპინძლებთ ტურისტებს.
ინვესტიცია ამ ეტაპზე 220 000 ლარს შეადგენს, თუმცა ეს ტერიტორია განვითარების შესაძლებლობას იძლევა, ასათვისებელია ტერურტორია და სამომავლოდ ბევრი რაღაცის გაკეთებ შეიძლება.
ჯერჯერობით ქსელი არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ განვითარების სურვილი გვაქვს. ჯერ ეს ტერიტორია უნდა ავითვისოთ, აქ გვინდა, რომ განვვითარდეთ“, - აღნიშნა ბაჩო გურაბანიძემ.
commersant.ge