ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ იყიდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის ყოფილმა პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა „ჯორჯიან ეარვეისი“ ამჟამად რეაბილიტაციის რეჟიმშია, თუმცა ოპერირებას შეუფერხებლად აგრძელებს.
„ახლა კომპანია რეაბილიტაციის ფაზაშია და აღარ იყიდება. რეაბილიტაციის მმართველი აკეთებს ბიზნეს გეგმას, რომელიც მაისის დასაწყისში იქნება მზად და ამ გეგმის მიხედვით იმუშავებს კომპანია. ახლა ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ“,- განაცხადა გაიაშვილმა, რომლის თქმითაც, მას ამჟამად კომპანიაში რაიმე ოფიციალური პოსტი არ უკავია.
კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმის გამოცხადების თაობაზე განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის 29 დეკემბერს მიიღო. 31 დეკემბერს კი „ჯორჯიან ეარვეისში“ რეაბილიტაციის პროცესის დაწყება საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა.
სასამართლოს განჩინების თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან განპირობებულმა მოვლენებმა „ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა, რის გამოც კომპანიას ვალდებულებების მომსახურება არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ქართულ-ამერიკულმა Georgian Business Brokerage-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ $150 მილიონად იყიდებოდა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ავიაკომპანიის დირექტორი დავით გაიაშვილი „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-იანი წილის მფლობელია, 20%-იანი წილი კი „ჯორჯიან ეარ სერვისს“ ეკუთვნის.
Businessformula.ge