ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დოჭუ „მწვერვალზე ამოსული“ სოფელი
13 ივნისი, 2022
გომეწრის ხეობაში მოგზაურობისას, თვალში გხვდება კლდის ქიმზე ნაგები სახლები. ეს სოფელი დოჭუა, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, რომელიც თუშთა წინაპრებს, ზედ კლდის წვერზე გაუშენებიათ,. ამიტომაც უწოდეს დოჭუ
 
მწვერვალზე ამოსული~. გომეწრის ხეობის გზა დოჭუს თავზე გადადის და სოფელი ქვემოდან გხვდება. ამ კლდის ქიმიდან ადევნებდნენ თვალყურს დოჭუს მეომრები, თუშეთში შემოსულ მტერს...  დოჭუ მაცხოვრებლების მიხედვით ერთ-ერთ მრავალრიცხოვან სოფლად ითვლებოდა. 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრობდა, დღეს კი მუდმივად აღარავინ ცხოვრობს, თუმცა დოჭუ მაინც არსებობს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებასაც ახდენს მნახველზე...
 
სოფელ დოჭუს, როგორც გვიან შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა...
 
დოჭუსთან მთელი ბავშვობა და ყმაწვილკაცობა აკავშირებს ირაკლი ჯანგულაშვილს, დოჭუ მისი დედულეთია. ბავშვობიდან თუშეთის ხშირი სტუმარი იყო.  საკუთარი მამულივით უყვარს დედულეთი, განსაკუთრებით დოჭუ. ეს საოცარი სოფელი, თავისი წარსულით და აწმყოთი მისი ცხოვრების ნაწილია... 
 
ირაკლი ჯანგულაშვილი
სოფელი ბუნებრივად გამაგრებულ ადგილას მდებარეობს. სახლების ბუნებრივი საყრდენი კლდეა. თუშეთში სოფლები ისე განულაგებიათ, ერთი სოფელი მეორეს რომ უყურებდეს. ასე ხომ უფრო გაუადვილდებოდათ, მტრის თავდასხმის დროს, ერთმანეთთან დაკავშირება...  ჩვენი სოფლის სანახებიდან რამდენიმე სოფელი ჩანს გოგრულთა, ბუხურთა, ილიურთა, ბეღელა, ბოჭორნა. ბოჭორნა და ბეღელა ჩვენი მეკოდე სოფლებია როგორც ჩანს ადრე ერთად ხარშავდნენ ალუდს... ყველანაირად მხარში ედგნენ ერთმანეთს. მეკოდეობაც ურთიერთმხარშიდგომას ნიშნავს. 
 
დოჭუ თუშეთში ყოველთვის ერთ-ერთ ძლიერ სოფლად ითვლებოდა. სოფელში შესულს, თვალში გხვდება სამსართულიანი აივნებიანი სახლები. ახლომახლო ქვის სამტეხლოს ვერ ნახავ, ამიტომაც სახლების ასაგებად, სამშენებლო ქვის მოტანა შორიდან უხდებოდათ. ზურგით ეზიდებოდნენ ქვას და ლოდს კლდის ქიმზე ციხე-სახლების ასაგდებად. ძველად დუჭუს ექვსსართულიანი ციხე-სახლები ამშვენებდა. სოფელში დღემდეა შემორჩენილი წომიკურიძეების ციხე, რომელიც კირით შელესილი ციხე-სახლის ერთადერთი ნიმუშია დამატებით თიხითაა შემოსილი და გამაგრებული, რათა დიდხანს გაეძლო დროში.  მოგეხსენებათ თუში მამაკაცები ძირითადად  ცხვარში, საძოვრებზე დადიოდნენ და რატომღაც ციხე-სახლების მშენებლებად დიდოელები მოიაზრებიან; მეც მახსოვს ჩემს ბავშვობაში, 1980 წელს, როგორ გადააკეთეს ჩემი ბიძაშვილების სახლი დაღესტნიდან გადმოსულმა ხელოსნებმა. ასაშენებლად არ არის რთული, რამდენიმე გამოცდილი კაცი ორ-სამ კვირაში შეძლებს სახლის აგებას _ მთავარია იცოდე, როგორ დააწყო ქვები და განალაგო ზედაპირები... 
 
რა დანიშნულება ჰქონდა ძველ ციხე-კოშკის ტიპის სახლებს?
 
ეს იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც პირუტყვის სადგომადაც იყენებდნენ, საცხოვრებლად და სარჩო-საბადებლის შესანახადაც და საბრძოლო დანიშნულებითაც. მტრის შემოსევის დროს, ასეთი ტიპის სახლი, თავდაცვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. მტერს თავდასხმის დროს ხანდახან უმჯობესია ციხეში ჩაკეტვის ნაცვლად, ტყეს შეაფარო თავი, ციხიდან გასაქცევი არ გაქვს, მაგრამ ერთდღიანი და ორდღიანი ალყის დროს, მოსახერხებელი  იქნება თავის შეფარება; 
 
რადგან ციხე- სახლების კლდეზეა ნაგები, პირველ და მეორე სართულებს მიწის მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი. ეს სართულები საქონლის დასაბინავებლად იყო გამოყენებული. აქვე ინახებოდა სარჩო-სანოვაგეც, მომდევნო სართულები საცხოვრებელი იყო, სულ ზედა, სათოფურებიანი სართულები კი, საბრძოლო დანიშნულების გახლდათ, სადაც საბრძოლო იარაღებს და ქვებს ინახავდნენ; აქვე ადუღებდნენ წყალს, მტრისთვის გადასასხმელად... ასეთი ტიპის სახლები შიგნით ვიწროა, თითო სართული - თითო ოთახია, სართულებს სპეციალური ასაძრომებით უკავშირდებოდნენ...
 
 
მოგეხსენებათ თუშები ძალიან გაწამებულები იყვნენ ლეკიანობით. შამილის დატყვევების შემდეგ, 1860-იანი წლებიდან, შემწუხებელი რომ აღარ ჰყავდათ, თუშები თანდათან მომძლავრდნენ და რთული საცხოვრებელი სახლებიც მოშალეს. თუკი ამ დრომდე,  სახლს აივანს ვერ გაუკეთებდი, რადგან ხის აივნის სახით, პირდაპირ შეშა გქონდა გამზადებული მტრისთვის,  ლეკიანობის შემდეგ ზედა სართულები მოანგრიეს, გვერდები მიუმატეს და მშვენიერი სამსართულიანი აივნიანი სახლები ააგეს. დედისაგან გადმოცემით ვიცი, რომ 30-იანი წლების ბოლოს,  დოჭუში რაჭველი ხელოსნები დადიოდნენ სამუშაოდ, ამიტომაც აქვს ამ სახლებს დამატებული დასავლეთ საქართველოს საცხოვრისისთვის დამახასიათებელი ელემენტები. თუ სახლს სათოფურებივით ფანჯრები აქვს, ეს მიანიშნებს, რომ ძველი ციხეა. უფრო განიერი ფანჯრებით, 1900-იანი წლებშია გადაკეთებული და ფანჯრები გადიდებული...
 
დოჭუს სალოცავები 
დოჭუს მკვიდრთა მთავარი სალოცავი, სოფლიდან საკმაოდ მოშორებით, 3000 მეტრზე, სახეოს მთაზე  მდებარეობს, სახეოს წმინდა გიორგის სალოცავი. ეს ადგილი თუშეთის ცენტრია. სალოცავზე წელიწადში ერთხელ, ათნიგენობების დღესასწაულზე ავდივართ. რთულად მისადგომი ადგილია. ერთი კილომეტრი ვერტიკალი ზემოთ უნდა ახვიდე. მთის წვერზე დღემდეა შემორჩენილი ნამოსახლარები. არავინ იცის აქ საცხოვრებელი სახლები იდგა, თუ მეციხოვნეები ცხოვრობდნენ. გადმოცემით დოჭუს ეკუთვნოდა. ამბობენ, მოსახლეობა ცხოვრობდაო, თუმცა ასეთ სიმაღლეზე და იმ პირობებში მუდმივად ცხოვრება გაუჭირდებოდათ, წარმოუდგენელიც კია შეიძლება ზაფხულში დღისით ტემპერატურა 25 გრადუსს აღწევდეს, ღამით კი -5 გრადუსამდე დაეცეს, ძალიან გამჭოლი ქარებიც იცის... რადგან ცენტრალური ადგილია, როგორც ჩანს ადრე იქ გარნიზონი იყო გამაგრებული. მთა სასიგნალო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო წერტილია. ხელისგულივით ჩანს თითქმის ჩეჩნეთის მხარეს არსებულ ყველა უღელტეხილი. მეციხოვნეთა მისიაც საზღვრების დაზვერვა იქნებოდა. საჭიროების შემთხვევაში, იქიდან დანთებული კოცონით, ნახევარზე მეტ თუშეთს მისცემდი ნიშანს... ხშირად გვიმსჯელია  ამ საკითხზე, ინფორმაციასაც ვიძიებდით ცნობილი  სამანელების ლიდერის, ადამ ბობღიაშვილის ჩანაწერებში. სამანელები ერთი პერიოდი თუშეთს, სოფელ დოჭუს აფარებდნენ თავს. მან ბევრი ჩანაწერები დატოვა, როგორც გვითხრეს, ციხეში უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ მივაკვლიეთ. 
 
 
სახეოს სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა, ქრისტიანობამდელ ეპოქაში ალბათ სახეოს სალოცავი ეწოდებოდა. ძალიან ძლიერი სალოცავია, დოჭულეთა მფარველი. მე სახეოს ყმა ვარ.
ეს რას ნიშნავს? 
 
იმ სალოცავს ვეკუთვნი, იმ სალოცავის დროშიც გამოვდივარ ბრძოლაში, იმ სალოცავს შევწირავ საკლავს. რა თქმა უნდა, შემიძლია წავიდე ლაშარის ჯვარში, იქაც შევწირო და იქაც დავკლა საკლავი, მაგრამ როდესაც მყავს ასეთი ძლიერი მფარველი, საფიროს? ხატის სახით, მისი მსახური ვარ. 
 
ამას გარდა კიდევ რომელი სალოცავები, ჯვარ-ხატებია დოჭუში?
 
სახეოს წმინდა გიორგის სალოცავის გარდა, კიდევ რამდენიმე სალოცავი გვაქვს. კარატის, ხახმატის, გულისკარის, ფიწალეს, წმინდა მარიამის სახელობის... დოჭუში ათნიგენობის დღესასწაული, აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული, აღდგომიდან მე-14 კვირას იწყება და ერთი კვირა გრძელდება. სოფელშიც, მთელი კვირის მანძილზე ისმის მთაზე შეფენილ თუშთა გწყალობდეს ერთ დღეს ერთ ხატს, სალოცავს დავამწყალობებთ, მეორე დღე მეორეს... ასე გრძელდება მთელი კვირის მანძილზე. ბოლოს, სახეოს წმინდა გიორგის სალოცავზე ავდივართ, ვინ ფეხით ვინ ცხენით... სარიტუალო ცერემონიები ისევე და ისეთივე თანმიმდევრობით იმართება, როგორც ზოგადად ათნიგენობების დღეობისთვისაა დამახასიათებელი...
 
ჩვენი სალოცავების ნაწილი ჰგავს ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ სალოცავებს, ბევრი იდენტურიც კია. პირადად მინახავს, ჩვენი სალოცავის დღეობის დღეს, როგორ მოსულან ხევსურები ჩვენს სალოცავზე. ბავშვი ვიყავი, ათნიგენობებზე დოჭუში უცხო ხალხი მოვიდა, რა თქმა უნდა, დიდი პატივით მიიღეს სტუმრები. კარატის სალოცავის მეკოდეები აღმოჩნდნენ. კარეტის სალოცავი ხევსურებსაც აქვთ. როგორც ჩანს, ჩვენი სოფლის ერთ-ერთი წინაპარი, ხევსურეთიდან თავის სალოცავით მოვიდა სოფელში, თან წამოიღო სალოცავიდან ნიშანი და მისცეს უფლება, რომ თავის სალოცავი დოჭუშიც  დაეარსებინა...
 
ავტორი: შორენა მერკვილაძე

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.