ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით, უახლოეს დღეებში საქართველოში „დოპელმაიერის“ ექსპერტ-ინსტრუქტორები ჩამოვლენ და დამატებით შეამოწმებენ მათ მიერ დამონტაჟებულ ყველა საბაგიროს ჰაწვალზე, გოდერძიზე, ბაკურიანსა და გუდაურში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლის ვალერი იაშინის შეხვედრაზე აღნიშნა, ყველა თანამშრომელი, რომელიც „დოპელმაიერის“ საბაგიროზე ოპერირებს, სათანადოდ არის მომზადებული, თუმცა, გუდაურში მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე, ისინი დამატებით საქართველოშივე გაივლიან გადამზადების კურსს.
არსებული კადრების გადამზადებასთან ერთად, უნდა მოხდეს ახალი კადრების მომზადებაც, რომელთა სერტიფიცირების პროცესში სახელმწიფოც ჩაერთვება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, მოხდება მსოფლიოში აღიარებული კომპანიების გამოცდილების გაზიარება იმისთვის, თუ რა ტიპის ინსპექტირება უნდა განხორციელდეს საბაგიროებზე ახალი მიდგომების შესაბამისად. როგორც „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა და ამ გამოცდილების საქართველოში გაზიარება იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დასანერგად.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის მოწვევით, აპრილში საქართველოში ასევე ჩამოვლენ კომპანია „ლაიტნერის“ წარმომადგენლებიც, რომლებიც შეამოწმებენ ბაკურიანსა და მესტიაში მათ მიერ დამონტაჟებულ საბაგიროებს და „დოპელმაიერის“ მსგავსად, კიდევ ერთხელ გადაამზადებენ მათ მომსახურე პერსონალს. ასევე იგეგმება „პომას“ წარმომადგენლების ვიზიტიც, რომელთა დამონტაჟებული საბაგიროებიც მუშაობს გუდაურსა და მესტიაში.
www.travelingeorgia.ge