ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დუისში ღვინიანის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
22 აგვისტო, 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფ. დუისში მდებარე განვითარებული შუა საუკუნეების ღვინიანის ეკლესიის კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეკლესია დარბაზულია; ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი და ქვიშაქვით დუღაბზე. გარედან და შიგნიდან შელესილი იყო. აქვს აზიდული პროპორციები.

აღმოსავლეთის მხრიდან მიწაშია და სარკმელი თითქმის მიწის დონეზეა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. სამხრეთის კარი თაღოვანია, ტიმპანით დასრულებული. ჩრდილოეთის კარი სწორკუთხა იყო.

აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი და თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის სარკმლის თავი ფრონტონშია გაკეთებული.

კედლები დასრულებული ყოფილა ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდნით (შემორჩენილია ჩრდ-დას. კუთხეში). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის კედლებში ორი სწორკუთხა ნიშია.

საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. კანკელი შუაში აღსავლის კარითაა გახსნილი, გვერდებზე კი თითო თაღია გადასული. თაღების საბჯენები ნახევარწრიული პილასტრებია. კანკელი შელესილია. ეკლესია დასრულებული იყო ცილინდრული კამარით.

ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით 20 მეტრში მდებარეობს სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი (8.7×8.7 მ), რომელიც ნატეხი ქვითაა ნაგები დუღაბზე. კედლები 1.5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი ფრაგმენტულად.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.