მთავრობა დუშეთში ისტორიული ქუჩების ურბანულ განახლებას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება4,6 მლნ ლარია.
პროექტით ითვალისიწნებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების - ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და აქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. ამ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.
სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი ეხება შენობების ფასადების და გარეგანი იერ-სახის რეაბილიტაციას. საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების, მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები, შესაბამისი სამუშაოებს განხორციელებით ინტერიერშიც.
რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში განხორციელდება.
www.travelingeorgia.ge