ძველ თბილისში Ibis Styles Old Tbilisi სავარაუდოდ, 2024 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება. პროექტს კომპანია Kala Ubani ახორციელებს. 67 ნომრიანი სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - კალაუბანში, კოტე აფხაზის 39-ში განთავსდა.
როგორც პროექტის მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. გახსნის სავარაუდო გახსნის თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს კოორდინაცია მესაკუთრესა და ოპერატორ კომპანიასთან (Accor).
"მოლოდინებია, რომ მომავალი წლის გვიან გაზაფხულზე გაიხსნას,"-აცხადებს მინდია გადაევი.
ძველი ქალაქის ისტორიულ ხასიათთან ჰარმონიაში 5 სართულიანი შენობის არქიტექტურა არქიტექტორმა მარიამ პაპუკაშვილმა განავითარა, ხოლო ცნობილი ქართული არქიტექტურული და დიზაინერული კომპანია სპექტრუმი ავითარებს სასტუმროს უნიკალურ ინტერიერის დიზაინს. პროექტის საერთო ფართი 4,000 კვ.მ-ია.
Ibis Styles Old Tbilisi-ში სასტუმროს გარდა განთავსდება რესტორანი და ბარი.
Ibis Styles-ი AccorHotels-ში შემავალი ახალგაზრდული ბრენდია, გამორჩეულია დიზაინითა და მოქნილობით. ის გათვლილია,როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, აგრეთვე სამოგზაურო ტურიზმისთვის. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა. AccorHotels ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული სასტუმროების ჯგუფია.
business-partner.ge