"ძველ თბილისში, ტივით გასეირნებაზე მოთხოვნა ძირითადად უცხოელი ტურისტებისგან მოდის" - ბორანი
ქართული სერვისისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანია "ბორანი", რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს ძველი თბილისის ერთ-ერთი მშვენებით - ტივით ისეირნონ, სერვისის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი კოტე ქიტიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიამ გადაწყვიტა როგორც ვიზუალური, ასევე მომსახურების კუთხით თბილისური ეთნიკური მიმართულება განავითაროს. კოტე ქიტეიშვილის თქმით, ეს გულისხმობს ბორანის ვიზუალური მხარის დახვეწას, ძველი თბილისური დეტალების დამატებას და ასევე, თემატური საღამოების გამართვას, სადაც წარმოდგენილი იქნება თბილისური ფოლკლორი, პოეზია და ა.შ.
კოტე ქიტიაშვილის თქმით, "ბორანს" ამ ეტაპზე 1 ბორანი და 2 კატამარანი ჰყავს, თუმცა კომპანია სამომავლოდ მცურავი საშუალებების დამატებას გეგმავს. მისივე ინფორმაციით, გაფართოება მოთხოვნის ზრდაზეა დამოკიდებული.
როგორც ქიტიაშვილი აღნიშნავს, მტკვარზე არსებული ბორანისა და კატამარანების ტურებზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. სტუმრების ძირითადი ნაწილი კი უცხოელი ტურისტები არიან.
"ჩვენ საქმიანობა 2015 წელს დავიწყეთ. მაშინ მტკვარზე ნაოსნობა საერთოდ არ იყო. ჩვენ გვაქვს ტურები მტკვარზე როგორც საექსკურსიო, ასევე ტურები წვეულებებისთვის. ბორანზე სხვადასხვა ტიპის წვეულებები იმართება, მათ შორის, დაბადების დღეები, ნიშნობები და ა.შ. ერთდროულად შეგვიძლია 50 სტუმრის მიღება. გარდა ამისა, ბორანზე ჩვენ გვაქვს სადეგუსტაციო ტურები ტურისტებისთვის, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები და სხვა.
ბორანის გარდა ჩვენ გვაქვს კატამარანები, მცირე ზომის მცურავი საშუალებები, რომლებიც პატარა საექსკურსიო ტურებს აკეთებენ. ემსახურებიან ძირითადად ტურისტებს, თუმცა ასევე, ადგილობრივებსაც. თბილისის ამ ისტორიულ უბანში გვხვდება ყველა ის ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის. მათ შორის, გალფის ქვეყნებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, შუა აზიიდან, ევროპიდან, ახლა ბაზარზე გამოჩნდნენ ტურისტები ჩინეთიდან, ინდოელები, სამხრეთ კორეიდან და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პანდემიამდელ მონაცემებს. სტაბილურად იზრდება მოთხოვნა და იმედი გვაქვს, მომავალი ზაფხულის სეზონზე 2019 წლის ზაფხულის მაჩვენებლებს გავუთანაბრდებით. ყველა სერვისზე არის მოთხოვნა, თუმცა უფრო მეტად მრავალხმიან სიმღერებზე, მედუდუკეებზე, მეარღნეზე და მსგავს ეთნიკურ სერვისებზე", - განაცხადა კოტე ქიტიაშვილმა.
bp.ge