ნება მომეცით, მოგიყვეთ ეს ზღაპარი...
„ბოროტ სულს, სახელად გუდას, ოდესღაც შეშურდა, რომ სოსიკოს სახელით ცნობილ ახალგაზრდა გლეხს უყვარდა ოსი ქალი - ნინო. გუდამ მოინდომა ამ კაცის სიკვდილი. როდესაც იგი სანადიროდ მიდიოდა, გუდა ნისლს ჩამოაწვენდა, რომ უფსკრულის შვერულები დაეფარა, მაგრამ სოსიკო ყოველთვის აღწევდა თავს დაბრკოლებებს. გულმოსული იმით, რომ მსხვერპლი უმკლავდებოდა მის მიერ დაგებულ მახეებს და უვნებელი რჩებოდა, გუდამ მზაკვრობას მიმართა.
„ერთ დღეს სოსიკოს და ნინოს სახლს ბოროტმა სულმა ქვების გროვა დაუშინა და იგი დაასამარა. ბოროტმა გუდამ თავის მიზანს მიაღწია, იმდენი იცინა, რომ მისივე კლდის ქვებმა, როგორც სქელმა ღრუბლებმა, მთიდან დაშლა დაიწყო.
„გზის გასწვრივ მგზავრი მართლაც ხედავს დამადასტურებელ ფაქტს იმისას, რომ გუდას სიცილი საშინელებაა. ეს მხიარული აღტყინება დროდადრო მეორდება და შიშის ზარს სცემს მთიულებს, - ეს ჩანაწერი ლეგენდა გუდაურზე ეკუთვნის მე-19 საუკუნის ფრანგ მოგზაურ ბარონ დე ბაის, რომელმაც ყაზბეგში იმოგზაურა და თავისი თვალით ნახა მთა გუდა.
მიუხედავად ამ ტრაგიკული ლეგენდისა, გუდას მთაზე საუკუნის შემდეგ შესანიშნავი სამთო-სათხილამურო კურორტი აშენდა, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.
„გასული საუკუნის 80-იან წლებში ბაკურიანში ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელსაც იტალიელები ესწრებოდნენ. სიმპოზიუმის ორგანიზატორი იყო მომბლანის ძირში - კულმაორში დაბადებული და გაზრდილი მოთხილამურე სავორეტი, ცნობილი იტალიური ფირმა ფიატის მფლობელ ანიელის მეგობარი. მან დაარწმუნა მეგობარი, რომ ბაკურიანში ბიზნესი წამოეწყოთ. ამიტომაც მოაწყვეს დიდი შეკრება, რომელშიც სხვადასხვა უცხოური ფირმის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
„სიმპოზიუმზე გადაწყდა, რომ სავორეტი გამოაგზავნიდა იტალიიდან სპეციალისტებს და ისინი ბაკურიანს გამოიკვლევდნენ, მათთან ერთად კვლევაში ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებოდნენ.
„ქართველმა სპეციალისტებმა იტალიელებთან ერთად გამოიკვლიეს ბაკურიანი, რის შემდეგაც დადგა საკითხი, იქნებ გუდაურშიც გავიაროთო. გუდაურში ჩასვლისას იყო ნისლი, მეორე დღეს კარგი ამინდი გამოვიდა და ამ ხეობის მშვენიერება მთლიანად გამოჩნდა.
„შინ დაბრუნებული იტალიელი სპეციალისტების მოხსენება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი წერდნენ, რომ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ადგილი, როგორიც გუდაურია. შემდეგ თავად სავორეტიმ ნახა გუდაური და მოეწონა.
„ასე გაჩნდა იდეა, რომ აქ სამთო-სათხილამურო კურორტი აშენებულიყო. საქმეში ჩაერთო მაშინდელი ცეკას მდივანი სოლიკო ხაბეიშვილი, რომლის ერთი ცხოვრება იყო პარტიული, მეორე კი მისი ჰობი - ალპინიზმი და თხილამურები.
„მერე მოხდა ისე, რომ საქართველოში ჩამოვიდა ავსტრიის სავაჭრო პალატის დელეგაცია, ბიზნესმენები, მათ შორის იყო ვეებერთელა შვედური სამშენებლო კონცერნის ვენის ფილიალის მფლობელი ლეოპოლდ ბაუზბეკი. მან დაათვალიერა გუდაური, ჯერ ხმას არ იღებდა, მერე დაბრუნდა და თქვა - გუდაური რომ მაჩვენეთ და გინდოდათ იქ მშენებლობის დაწყება, დავიწყოთო.
„სოლიკომ დაიწყო თანხის მოძიება, იქით ბაუზბეკი მუშაობდა ამ საკითხზე, მაგრამ ბლოკირება რუსეთიდან ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არაფრის უფლება არ გვქონდა. გადაწყდა, ქართული ჩაი შეეთავაზებინათ უცხოური ბაზრებისთვის. პირველი პარტია ინგლისში გაიყიდა და პირველი მილიონნახევარიც მოიძებნა. დანარჩენი კი საკავშირო კრედიტი უნდა აეღოთ. კრედიტი ავსტრიულმა ბანკმა მოგვცა. ტენდერიც ჩატარდა, ავსტრიელებმა გაიმარჯვეს.
„კონტრაქტისთვის ხელი მოსკოვში უნდა მოეწერა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, მაგრამ პროცესი გაიწელა, რუსეთი უარს ამბობდა. უკან რომ ვბრუნდებოდით, ვნეშტსტროიბანკში გვითხრეს, რომ ერთი დღე მოგვეცადა. პარასკევი დღე იყო. როგორც აღმოჩნდა, შაბათს კასიაგინი და ავსტრიის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე აწერდნენ ხელს. ხელმოწერის დროს ავსტრიის პრემიერ-მინისტრს კალამი გაუგდია და კასიაგინისთვის უთქვამს - კი ვაწერთ ხელს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, რეალური პროექტები არ ხორციელდებაო, აი, მაგალითად, გუდაურიო.
„ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ ბაუზბეკისგან იცოდა. ორშაბათს საგარეო ეკონომიკის მინისტრი ძალით მოიყვანეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, - ასე იხსენებს გუდაურის ისტორიას არქიტექტორი ვახტანგ მიქელაძე.
კიდეთ ერთი ამბავი, რომელსაც მონადირეთა ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე იხსენებს და გუდაურთან და ავსტრიასთან არის დაკავშირებული:
„იმ პერიოდში საქართველოს საბაგირო გზების მთავარი ინჟინერი ვიყავი და საბაგირო გზების მშენებლობა ჩვენ დაგვევალა. სოლიკო ხაბეიშვილის თხოვნით, კომპლექსის ხელმძღვანელად დავინიშნე. თავდაპირველად პატარა საბაგირო გზა გაკეთდა, შემდეგ პირველი სავარძლიანი საბაგიროებიც გავაკეთეთ.
„პირველი სტუმრებიც მივიღეთ - ამერიკელები, ძალიან სერიოზული ოჯახის წარმომადგენლები, ისინი ჩვენი ბუნებით მოხიბლულნი წავიდნენ და მას შემდეგ ბევრი იწერებოდა გუდაურზე ამერიკასა და ევროპაში. შემდეგ ჩამოვიდა ბაუზბეკი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ავსტრიული საბაგირო გზების მშენებლობას.
„ერთ დღეს ცნობილი ავსტრიელი საიუვილერო ფირმის წარმომადგენელი ალექსანდრე სვაროვსკი გვესტუმრა. იგი კარგი მონადირე იყო და მე, როგორც ამ საქმის ტრფიალი, ავსტრიაში დამპატიჟა. იქ ნადირის მფარველის, ჰუბერტუსის, დღეს აღნიშნავენ. ამ დღეს მთელი ავსტრია ზეიმობს, ტიროლის მხარეში იკრიბებიან დიდგვაროვნები, ეპისკოპოსები, წარჩინებული პირები.
„ზეიმამდე ნადირობა მოგვიწყეს. სამნი წავედით სანადიროდ, ცალ-ცალკე უნდა გვენადირა. ყველა უცნაურობა მე უნდა შემემთხვას, თან მახლავს გამოცდილი ავსტრიელი ეგერი, მივედით არჩვებთან და ეგერი მეუბნება, რომ ერთი არჩვი ალბინოსია.
„უცებ ურეკავს ალექსანდრე სვაროვსკის, ეუბნება, რომ ალბინოსი არჩვი ვნახეთ. ალექსანდრემ უთხრა, რადგან ალბინოსი ნახეთ, თემურმა უნდა მოინადიროსო. მე თავიდან უარზე ვიყავი, მაგრამ დამარწმუნეს, რომ მაინც ბრაკონიერი მოკლავს და სჯობს, შენ მოინადირეო. რაღა დამრჩენოდა, მეც ვესროლე და მოვკალი.
„ნანადირევი ჩამოვიტანეთ, მოვიდა ალექსანდრე და მითხრა - ახლა ამისგან ფიტულს გააკეთებენ და თან წაიღეო. მე ვუთხარი, შენ გჩუქნი, ავსტრიას ვჩუქნი მეთქი. ეს ამბავი მთელ ავსტრიას მოედო. ჩემი მოკლული ალბინოსი არჩვი ავსტრიის ერთ-ერთ მუზეუმშია განთავსებული და აქვს წარწერა, სად, როდის და ვინ მოიპოვა
რეზონანსი