კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა.
წარმოებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია სატაძრო კომპლექსის ირგვლივ არსებული სუბსტრუქციის კედელი, რომელიც გარს უვლის კომპლექსს და იმავე დროს ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზედა და ქვედა ტერასებს მიჯნავს ერთმანეთისაგან. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით აღნიშნული კედლის მშენებლობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარია XI საუკუნე.
გათხრილია სამეურნეო ნაგებობა, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩადგმული ქვევრით. იატაკის დონეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ნაგებობა XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოებული თხრის შედეგად (სუბსტრუქციის კედელი და სამეურეო ნაგებობა) ქვედა ტერასაზე გამოვლენილია 1-1,5 მეტრის საერთო სიმძლავრის კულტურული ფენა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კერამიკულ ნაწარმს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ მონასტერი, მცირედი ინტერვალებით მოქმედია ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, XVI საუკუნის ჩათვლით.
პროექტი კომპანია RMG-იმ დააფინანსა, სამეცნიერო მისია კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთამ'' განახორციელა.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კომპანია RMG-სა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების გაგრძელების შესახებ. დიდი ალბათობით, სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების პროცესი წელსვე დაიწყება.
მომავალი ექსპედიციის ფარგლებში არქეოლოგები ძველი შუამთის სხვა არქეოლოგიურ უბნებზე უზრუნველყოფენ მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. დაგეგმილი სამუშაოები კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ზედამხედველობით წარიმართება.
www.travelingeorgia.ge