ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
EBRD თბილისისთვის ნარჩენების მართვის სტრატეგიას შეიმუშავებს
25 ივლისი, 2018

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისისთვის პირველად, ნარჩენების მართვის სტრატეგიას შეიმუშავებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების გათვალისიწნებით შეიქმნება.

„განვითარებულმა მსოფლიომ გაიაზრა, რომ ნარჩენი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას. ვფიქრობ, ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალიტეტთან ერთად შეიმუშავებს, იქნება საწინდარი, რომ თბილისი ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე და ქუჩებში სეპარირებული ურნები ეტაპობრივად განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, თბილისის მერიას პროექტის განმახორციელებელ კომპანია "კა დე ვე ჯორჯიასთან" ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან როგორც კალაძე ამბობს სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას.

„დოკუმენტი ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.