ეკლესიას, სადაც შიო არაგვისპირელის მამა სწირავდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ეკლესიას, სადაც შიო არაგვისპირელის მამა სწირავდა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფ.ქაისხევში მდებარეობს და გვიან შუა საუკუნეების პერიოდისაა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყისა და ქვიშაქვით (5.5×7.6 მ). შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი არქიტრავული გადახურვით სრულდება. კარის ჭრილი შიდა მხარეს უფრო ფართოა.
თაღოვანი, შიგნით გაფართოვებული და გარეთკენ შევიწროვებული თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებშია. აბსიდა ნახევარწრიულია (1.6 მ სიღრმე). აბსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი, მის ორივე მხარეს ქვედა დონეზე, თითო განიერი და თაღოვანი ნიშაა გაკეთებული. საკურთხევლის შუაში ერთ ქვაში ნათალი ტრაპეზი დგას. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომელებზეც გადასული თაღი კამარის საბჯენი უნდა ყოფილიყო.
www.travelingeorgia.ge