ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკო ტურისტული ობიექტი ,,ზებო“ წლევანდელ სეზონს ცარიელი ჯავშნებით ხვდება - ევროპიდან ტურები კატასტროფულად შემცირდა
27 მაისი, 2022

ანდემიური კრიზისის, შემდეგ უკვე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ტურისტულ  ინდუსტრიას საქმიანობის გაგრძელება ახალ მოცემულობაში უწევს. მთავრობაც და სექტორის წარმომადგენლებიც კარგად ხედავენ, რომ ტურიზმისთვის მთავარ გამწევ ძალად ეკო და აგრო მიმართულებები უნდა იქცეს.  ერთი შეხედვით, მხარდაჭერა იგრძნობა, მაგრამ ტურისტული ობიექტების ნაწილი მიღწეულით ჯერ ისევ უკმაყოფილოა. განსაკუთრებით ევროპელ ტურისტებზე მომუშავე სეგმენტს უჭირს.

როგორც ზემო აჭარაში, სოფელ გობრონეთში მდებარე საოჯახო სასტუმრო ,,ზებოს“ დამფუძნებელი ზებურ ბოლქვაძე აცხადებს,  პანდემიამდე მთელი სეზონი წინასწარ დაჯავშნილი იყო, ამ ეტაპზე კი მხოლოდ ორი შეკვეთის გაფორმება მოხერხდა.

,,ეკოტურიზმის საქართველოს ამოუწურავი რესურსი აქვს. სოკრატეს აქვს ნათქვამი, ,,დაელაპარაკე, რათა დაგინახონ“.  ტურისტების მოზიდვას სჭირდება რეკლამირება, რაც ჯერჯერობით ისევ დაბალ დონეზეა. 15-20 წლის წინ ვამბობდი, რომ  მაღალმთიანი აჭარა დიდი ტურისტული პოტენციალით გამოირჩეოდა, მაგრამ არავინ დამიჯერა. ყველას ეგონა, რომ მარტო ზღვა იყო აჭარა. ძალიან გვიან მიხვდნენ, რომ მთაც არანაკლებ საინტერესოა უკვე შიდა ტურისტებისთვისაც. არის შესაძლებლობები, რასაც მომხმარებლამდე მიტანა უნდა, ამისთვის მუნიციპალიტეტებმა უნდა იზრუნონ, ტურიზმი უნდა ახსენდებოდეთ არა მხოლოდ არჩევნების წინ, არამედ ყოველთვის, ყოველ პერიოდში, ისეთი ობიექტები უნდა შეიქმნას, რომელიც დააინტერესებს მოსახლეობას და მოიზიდავს ტურისტებს. მახუნცეთის ჩანჩქერი ამ მხრივ ძალიან საინტერესოა. ქალაქთან ახლოსაა, ყოველდღიურად 4000-5000 ტურისტი ამოდიოდა, ფიზიკურად ვერ გაივლიდი. დუქნები იყო ძველ დროში, თურქები ,,საპარესკავოს“ეძახდნენ, ვინაიდან  პარასკევობით იმართებოდა ვაჭრობა. დღესაც შეიძლება რაღაც გაკეთდეს და განვითარდეს ეს ობიექტი, მაგრამ ჩემს ძალებს აღემატება. ,,ზებოს“ შემთხვევაში, ძირითადად მაინც ევროპელები გვსტუმრობენ. ასე იყო პანდემიამდე, ამ დროს მთელი წილის შეკვეთა მქონდა და ახლა ჯერჯერობით ორი მაქვს მიღებული. ქედაში ტურისტული ობიექტები გაიზარდა, 100-ზე მეტი ტურისტული ობიექტია მარტო ქედაში. მარტო აღიარება არაფერს შეცვლის, დარგს მხარდაჭერა სჭირდება“, - ამბობს ზებურ ბოლქვაძე ,,კომერსანტთან“.

სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ გაფართოებას აპირებს, რისთვისაც ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტში მონაწილეობს, მაგრამ მიიღებს თუ არა დაფინანსებას, საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

,,წელს მთელი რესურსი სასტუმროს კეთილმოწყობას მოვახმარე. აჭარული ხის სახლი, წისქვილი, სამჭედლო, ბეღელი - ყველაფერი ერთ ეზოშია თავმოყრილი. დამსვენებლებს არაჩვეულებრივი გარემო დახვდებათ, მთავარია, დასვენება მოინდომონ. ,,აწარმოე საქართველოში“ საცურაო აუზი და საუნა გვინდა მოვაწყოთ, განაცხადი შევიტანე კიდეც, მეორე ეტაპზე გადავედით, მაგრამ მერე არავინ შემხმიანებია, ამიტომ არ ვიცი, მივიღებ თუ არა საჭირო დაფინანსებას“, - დასძენს ზებურ ბოლქვაძე.

მთავარი, რაც ეკო და აგროტურიზმს განვითარებაში ხელს უშლის, სწორი სტრატეგიის არქონაა.  ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია აცხადებს, რომ ამ მხრივ საოჯახო სასტუმროებს ყველაზე მეტი პოტენციალი აქვთ და თუკი სწორად განვითარდება დარგი,  შესაძლოა,  2019 წლის მაჩვენებელსაც გაუსწრონ.

,,ყველაზე მეტი პერსპექტივა ეკო და აგრო ტურიზმშია. ეს ისეთი მიმართულებაა, რომელიც ხშირ გადაადგილებასთან დაკავშირებული არ იქნება. დამსვენებლები ყოველთვის გამოიჩენენ ინტერესს ისეთი ადგილებისადმი.  ვფიქრობ, პატარა საოჯახო სასტუმროების როლი გაძლიერდება, მაგრამ კარგი პროდუქტის შეთავაზებით. ამისთვის საინტერესო უნდა იყოს სოფელში ცხოვრება, რომ ერთი დღე მეორეს არ ჰგავდეს, მომსახურების სათანადო პირობებია საჭირო. სამზარეულო, ცხენზე ჯირითი, საბავშვო პროგრამები და სხვა, რაც ყველა კატეგორიის დამსვენებელზე იქნება მორგებული და ინტერესს გამოიწვევს. საოჯახო სასტუმროებს ახლაც ჰყავთ კლიენტები და ყველაზე სწრაფად ამოვლენ კრიზისიდან, რომელშიც დარგი ეპიდემიის გამო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ საოჯახო სასტუმროები 2019 წლის მონაცემს გაასწრებენ, მაგრამ ეს დიდად არ ქმნის ამინდს, რაოდენობრივად მოცვადი არ არის და არც შემოსავლებია ისეთი, რომ ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს“, - განმარტავს კვარაცხელია.

რაც შეეხება ბოლო წლებში ეკოტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2012-2021 წლებში, გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები, დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები. 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა.

2021 წლის მდგომარეობით, დაცულ ტერიტორიებზე 82 საფეხმავლო (მათ შორის სამანქანოსთან ინტეგრირებული) ბილიკია და 5 სანაოსნო მარშრუტი. ბილიკების საერთო სიგრძე დაახლოებით 1 800 კმ-ია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.