ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილზე სასტუმრო არ აშენდა – “ჰუალინგი” დაჯარიმდა
02 მაისი, 2019

“ჰუალინგ ჯგუფი”, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 21 აპრილიდან დღემდე, ჯამში 5 500 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, როგორც bm.ge-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ასევე ჯარიმის სახით კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დღეში, 500 ლარის ოდენობით დაერიცხება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, “ჰუალინგ ჯგუფს” კვლავ არ აქვს სამშენებლო ნებართვა, კომპანიას თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი აქვს სასტუმროს ესკიზი, რომელიც მოწონებულია, თუმცა მშენებლობის ნებართვა ამ ეტაპზე გაცემული არ არის.

საკითხზე დეტალების გასარკვევად bm.ge “ჰუალინგ ჯგუფსაც” დაუკავშირდა. კითხვაზე რამდენად სამართლიანი იყო დაკისრებული ჯარიმა, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ ის გვიპასუხონ, რომ “ყველაფერი კანონის შესაბამისად რეგულაციების დაცვით ხორციელდება”.

მათივე თქმით, მათ მიერ მერიაში შეტანილ ესკიზზე რეკომენდაციები მიიღეს და ახლა ამ რეკომენდაციების განხორციელება მიმდინარეობს.

“დამუშავების პროცესში არის დენდროლოგიური პროექტი, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის საკვლევი გეგმა, ასევე – პროექტის კონსტრუქციული ნაწილი. პროექტი არის მზად და მისი ატვირთვა მერიის მიერ დაწესებულ ვადებში დაკორექტირებული სახით მოხდება”, – აცხადებენ “ჰუალინგ ჯგუფში”.

რაც შეეხება მშენებლობის დაწყებას, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სამუშაოები სამშენებლო ნებართვის მოპოვებისთანავე დაიწყება.

ცნობისთვის, ჭანტურიას 12-ში მდებარე ყოფილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა, პროგარამის “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში, 2015 წელს 9 მილიონ 450 ათას დოლარად, აუქციონის წესით გაიყიდა. ინვესტორის ვალდებულება 2016 წლის პირველი იანვრიდან, არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება იყო. “ჰუალინგ ჯგუფს” სასტუმროს სამშენებლო ვადები 2019 წლის 21 აპრილს ამოეწურა.

www.bm.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.