ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ელექტრონული ვიზის ფორმა სრულყოფილი არ არის“- რატომ არ უშვებენ ინდოელ ტურისტებს საქართველოში?
18 ივლისი, 2019

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, არსებობს ტექნიკური ბარიერები, რის გამოც საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არ უშვებენ. თურნვა ამბობს, რომ შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სავიზო ელექტრონული აპლიკაციის სრულყოფაზე, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს.

„ვიზების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ქვეყანაა. ამან შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდას, მათ შორის შეგახსენებთ, რომ 2012 წლის გაზაფხულიდან ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებსაც ჩვენმა წინა ხელისუფლებამ მოუხსნა ვიზები, რამაც დამატებით კარი გაუხსნა ვიზიტორებს და ეს არის სწორი პოლიტიკა.

არსებობს ტექნიკური ბარიერები ინდოეთის მიმართულებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, გვაქვს სამუშაო ჯგუფი შექმნილი საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად და არის სუფთა ტექნიკური პრობლემა ელექტრონულად აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებით. გვაქვს გეგმა და ეს პრობლემა მოგვარდება.

პრობლემა არის სწორედ იმაში, რომ თვითონ ელექტრონული ვიზის ფორმა, აპლიკაციის ფორმა არ არის დეტალური და არ არის სრულყოფილი. ის არ იძლევა იმ დეტალურ ინფორმაციას, რის შემდეგაც საზღვარზე უპრობლემოდ მოხდება ინდოეთიდან მომავალი ტურისტების შემოშვება.

ანუ ეს ურთიერთდაკავშირებული თემებია და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ განვავრცოთ ვიზის ფორმა. ეს მომზადებულია შსს-ს, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად და როდესაც ელექტრონული ფორმა გახდება უფრო დეტალური, შემდეგ პრობლემა შემოშვების ფიზიკურად მოიხსნება“-განაცხადა ნათია თურნავამ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.