ენგურჰესზე ატრაქციების მოწყობის სამუშაოები 2018 წელს დაიწყება,- ამის შესახებ საქმის კურსს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ განუცხადა.
მისი თქმით, ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე პროექტი "ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" უნიკალურია და მსგავსი ტიპის ატრაქციები ევროპაში არ ასრებობს.
"ენგურჰესი სერიოზული ტურისტული ადგილი გახდება არამარტო ადგილობრივებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც",- აცხადებს გუბერნატორი.
არსებული კონცეფციის მიხედვით, მსოფლიო დონის ატრაქციის — ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას. განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებისთვის.
წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.
www.bm.ge