„ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის განვითარების პროექტის ფინანსური მაჩვენებლები – რა მოგებაზე ან ხარჯებზე იქნება პროექტი გათვლილი, მიმდინარე წლის ზაფხულში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა განუცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი ეკონომიკურ კვლევაზე, რომლის მიხედვით, ბიზნესმოდელი ჩამოყალიბდება – როგორი იქნება ამ ცენტრის ფინანსური მაჩვენებლები. ამის შემდეგ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სახით გაასხვისოს ობიექტი. შესაძლოა, ინვესტორი შემოუშვას და კერძო-საჯარო პარტნიორობის გზით განხორციელდეს პროექტი“, – განმარტა ჩიქოვანმა.
კითხვაზე – გადაიწევს თუ არა „ენგურჰესზე“ ტურისტული ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, გიორგი ჩიქოვანმა პასუხად აღნიშნა, რომ „ალბათ, ცოტა გადაიწევს, ვინაიდან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჯერ არ დასრულებულა“.
მიუხედავად ამისა, ფონდის ხელმძღვანელმა ისიც არ გამორიცხა, რომ ცენტრი დაგეგმილ ვადაში – 2021 წელს გაიხსნას.
პროექტის განმახორციელებელი ენერგეტიკის განვითარების ფონდის შვილობილი კომპანიაა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში საქართვლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებდა, რომ 2 თვეში მზად უნდა ყოფილიყო ეკონომიკური კვლევის დოკუმენტიც, რომელიც პროექტის რენტაბელურობას განსაზღვრავდა.
„წელსვე (იგულისხმება 2018 წელი) იწყება გარკვეული აქტივობები, როგორიც არის ლიფტის, ZIP LINE -ის, სანაოსნოს მოწყობის და რამოდენიმე გადასახედის სამუშაოები. ხოლო 2019 წელს იწყება აღმოჩენათა ცენტრის გაკეთება. ეს ძალიან ამბიციური პროექტია. კეთდება მსოფლიო დონის ატრაქცია, რომელსაც ანალოგი არ აქვს“, – აცხადებდა ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე თქმით, აღებული იქნება ჰუვერის მოდელი; ჰუვერის კაშხალის მმართველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.