ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ენგურის ხიდი გაიხსნა - რა პირობით გადმოვლენ ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეები
12 თებერვალი, 2021

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოძრაობა დღეიდან აღდგა. ამის შესახებ საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკევულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ცალსახად, მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული მექანიზმის და ბერკეტის მეშვეობით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და ხელშეწყობით, მაქსიმალურ ძალისხმევად ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს კონრტოლირებად ტერიტორიზე შემოსვლა ოკუპირებული აფხაზეთიდან საკარანტინე პირობების დაცვით იქნება შესაძლებელი.

„მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინე ვადა, რომელიც 12 დღის ვადით იყო განსაზღვრული, დღეიდან კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები - საკარანტინე სივრცეები, სადაც ისინი დაყოფენ 5 დღეს და ამის შემდეგ PCR ტექსტის შედეგად უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მათ ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ საკარანტინე სივრცე“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ ენგურის ხიდთან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც განთავსებულია ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.