ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ინტერესის სფერო ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და ტექსტილის ექსპორტის ხელშეწყობა იქნება
05 მაისი, 2017

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ინტერესის სფერო ღვინის, სპირტიანი სასმელებისა და ტექსტილის ექსპორტის ხელშეწყობა იქნება. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდი ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "საქმის კურსს" განუცხადა. 

საგანელიძის განმარტებით, საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირებული კომპანიებისთვის სააგენტო იაფ ფულად რესურსს, ასევე კომფორტულ და მნიშვნელოვან პარტნიორებს მოიძიებს სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, უწყება ექსპორტიორებს ლოჯისტიკური ხაზის აწყობაში დაეხმარება. 

"საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც ექსპორტზე გადის და ექსპორტის ხვედრით წილში ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს ნედლეულს, ვიდრე მზა პროდუქციას. ჩვენ ალბათ, ძირითადად როგორც საკვები პროდუქტების მიმართულებით, ასევე ღვინისა და ზოგადად სპირტიანი სასმელების, ტქსტილის მიმართულებით ვიმუშავებთ", - განაცხადა საგანელიძემ. 

კითხვაზე, ფონდის დაქვემდებარებაში მყოფი საკრედიტო სააგენტო გაუწევს თუ არა კონკურენციას კომერციულ ბანკებს, დავით საგანელიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ პირიქით, ფონდი აღნიშნული სექტორის განვითარებას ხელს იწყობს. 

"სულ იყო ადრეც იმაზე საუბარი, საპარტნიორო ფონდი ხომ არ იქნება საბანკო სისტემის კონკურენტი, მაგრამ როგორც ხედავთ პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა პირიქით, მაქსიმალურად ხელს უწყობს საბანკო ქსელის განვითარებას, რადგან ჩვენ მივდივართ ახალი მიმართულებებით, ვქმნით ახალ სექტორებს წარმოებაში, ახალ პოტენციურ კლიენტებს ბანკებისთვის და მეტსაც გეტყვით, თითქმის ყველა პროექტში რამდენიმე პროექტისგან განსხვავებით ბანკები ბანკებისთვის ჩვენი ყოფნა მსხხვილ პროექტებში ბანკებისთვის არის ასევე გარკვეული გარანტია, რომ მათ უფრო თამამად, უფრო დაბალი პროცენტებით დააფინანსონ სხვადასხვა, ხშირ შემთხვევაში სტარტაპ-პროექტბიც", - აღნიშნა საგანელიძემ. 

გარდა იაფი საკრედიტო რესურსის მიწოდებისა, ექსპორტის საკრედიტო სააგენტო სავალუტო რისკებზე გარანტიების გაცემასაც გეგმავს. 

"ექსპორტის საკრედიტო სააგენტო უფლებამოსილი იქნება დააზღვიოს/გადააზღვიოს და გასცემს გარანტიები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე ან/და ფორსმაჟორულ, ეკონომიკურ, კომერციულ (მათ შორის საკრედიტო) ან სავალუტო რისკებზე, ასევე, აღნიშნულის თანამდევ რისკებზე, რომლებსაც საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, მათთან დაკავშირებული, მათ მიერ კონტროლირებადი ან კონტრაჰენტი კომპანიები (მათ შორის უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები) შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად დაექვემდებარონ საზღვარგარეთ საქმიანობის ან საერთაშორისო ვაჭრობის ან/და ინვესტირების დროს“, - წერია „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში. 

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი განმარტავს, სვალუტო რისკების შეფასება მრავალ ფაქტორთან ერთად დამოკიდებული იქნება პროდუქციის სახეობაზე, საექსპორტო ბაზრებზე და ვალუტაზე. 

"ამას არ ექნება ჩვეულებრივი დაზღვევის სახე. აქ რისკები იქნება როგორც კომპანიის, ასევე ჩვენი - ანუ რისკების გადანაწილება მოხდება. დაზღვევის კომპონენტი ზოგიერთ ნაწილში აუცილებლად იქნება", - განმარტა საგანელიძემ. 

ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს ამოქმედების თარიღი უცნობია. საპარტნიორო ფონდი ახალი უწყების ამუშავებას უახლოეს პერიოდში აანონსებს. სააგენტოს ჩამოყალიბებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე მოამზადა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.