ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
6 დღეში ზარალი $846 000 - Myway Airlines-სა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის დავა გრძელდება
31 იანვარი, 2022

ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს, პრობლემების მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს, თუმცა როგორც კომპანიის იურისტი თამარ მამფორია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 6-დღიანი გაჩერების პერიოდში, გარანტირებული შემოსავალი ერთ დღეზე 141 000 აშშ დოლარი კომპანიამ უკვე იზარალა. ასევე, გაუუქმდა კონტრაქტები და კონტრაქტორების მხრიდან პირობებიც შეიცვალა.

მისი თქმით, ახლა სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება განხილვები. ზუსტი ვადები კი, კვლავ უცნობია.

„სასამართლოს სარჩელი წარმოებაში მიღებული აქვს, უზრუნველყოფის ღონისძიება ჩვეულებრივად მოქმედებს, რომლის საფუძველზეც კომპანიას აღუდგა ფრენების ნებართვა. ანუ, დავის დამთავრებამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება შეჩერებულია. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნოს, რაც სრულად მოსამართლეზეა დამოკიდებული, ჩანიშვნავს 1 კვირაში, 1 თვეში, თუ 1 წელიწადში.

რაც შეეხება ზარალს, 6 დღე ვიყავით გაჩერებულები და გარანტირებული შემოსავლის სახით, თითოეულ დღეს 141 000 აშშ დოლარი ვიზარალეთ. თუმცა, ეს არ არის ზუსტი რიცხვები, რადგან გაჩერებამ გამოიწვია კონტრაქტორების მხრიდან შემდგომში პირობების შეცვლა და შეკვეთების გაუქმება. ასე რომ ზარალი ბევრად მეტია“, - განაცხადა თამარ მამფორიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Myway Airlines-ს კომერციული ფრენის ლიცენზია გაუუქმა. ამან კი, ავიაკომპანიის 6-დღიანი გაჩერება გამოიწვია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დოკუმენტის დრაფტში, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის მინიმუმ 51% საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.

bpn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.