ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
600-მდე რესტორნის სესხის სუბსიდირებაზე 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა
11 ივნისი, 2021

პანდემიისა და კოვიდრეგულაციებით გამოწვეული ზარალის შემცირების მიზნით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ სარესტორნო ინდუსტრიის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებში 6 თვეში 600-მდე რესტორნის სეხის პროცენტის სუბსიდირებაზე 9 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

პანდემიის პერიოდში სარესტორნო ბიზნესი ყველაზე მძიმედ დაზარალებულ სფეროებიდან ერთ-ერთია. გარდა იმისა, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში, რესტორნები თითქმის 5 თვე მთლიანად დაკეტეს, დანარჩენ პერიოდშიც ან დახურულ სივრცეში ჰქონდათ სტუმრების მიღება აკრძალული, ან სამუშაო დღეები ჰქონდათ შეზღუდული, ან სამუშაო საათები და მაშინაც კი, როცა ოფიციალურად შეზღუდვები არ მოქმედებდა ტურისტების სიმცირე შემოსავლებზე სერიოზულ გავლენას ახდენდა. მაისში მართალია ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 264%-ით გაიზარდა, მაგრამ ის 2019 წლის დონესთან შედარებით 4-ჯერ და მეტჯერ ნაკლებია. დაგეგმილი 50%-ის ნაცვლად მაისში ტურიზმი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 23%-ით აღდგა. 17 მაისიდან კომენდანტის საათი სავაჭრო ცენტრებს თითქმის უკვე აღარ ეხება, მაგრამ რესტორნებისთვის ისევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარების ექვსთვიანი პროგრამა სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას ითვალისწინებდა, ეროვნული ვალუტის შემთხვევაში 80%-ს და უცხოური ვალუტის შემთხვევაში 70%-ს. პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც სესხი 2020 წლის 1-ელ მარტამდე ჰქოდათ აღებული, თუმცა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის დაშვება, რომ მისი სესხი 2020 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით უკვე პრობლემურ კატეგორიაში არ ყოფილიყო კლასიფიცირებული. კიდევ ერთი პირობა კრედიტის მიზნობრიობას შეეხებოდა, სესხის თანხის მინიმუმ 80% ძირითადი საშუალებების შეძენაზე უნდა ყოფილიყო დახარჯული.

გარკვეული დახმარებების მიუხედავად სარესტორნო ბიზნესს პანდემიამდელ პერიოდის დონემდე აღდგენა უჭირს. რეგულაციების მოხსნის შემდეგ, რესტორნების ნაწილი საერთოდ ვერ გაიხსნა. ქსელურ რესტორნებს კი ფილიალების რაოდენობის შემცირება მოუწიათ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.