ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
03 მარტი, 2021

ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ.

შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი:

• კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.
• ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებისას წარმომადგენელი შეკვეთას შენობის გარეთ, დისტანციის დაცვის ნორმებით უნდა დაელოდოს, ხოლო თუ მომხმარებელი თავად ელოდება შეკვეთას, მოცდის პროცესში დახურულ სივრცეში მას უნდა ეკეთოს პირბადე.
• სტუმრებისთვის ადგილები წინასწარ იატაკის სანიშნებით უნდა იყოს განსაზღვრული;
• დასაქმებულმა დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა მოახდინოს და შესაბამის ჟურნალში აღრიცხოს, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში აუციელებელია როგორც დასაქმებულების, ასევე მომხმარებლების თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის დისტანციური მზომის გამოყენებით; ამასთან, უნდა გაკონტროლდეს ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
• სალაროსთან დამონტაჟებული უნდა იყოს დამცავი გამჭირვალე ბარიერი, სამუშაო ადგილზე კი უნდა განთავსდეს 70%-ის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი;
• უპირატესობა უნდა მიექცეს უნაღდო ანგარიშსწორებას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ღის სივრცეში, ანუ ტერასა/ვერანდაზე დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი წესების დაცვით უნდა მოხდეს:

• მაგიდებს შორის მანძლი უნდა იყოს 2 მეტრი, ხოლო სკამების საზურგეებს შორის - 1 მეტრი; მაგიდებს შორის 2 მეტრიანია დისტანციის არ არსებობის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი;
• 1 მაგიდასთან არ უნდა იჯდეს 12 ადამიანზე მეტი, გამონაკლისის სახით 12 წლამდე მოზარდის იმავე მაგიდასთან განთავსება შეიძლება;
• გამასპინძლება ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდით უნდა მოხდეს, ხოლო სასმელების შეკვეთისას, სასმელის მიტანა ინდივიდუალურად მაგიდასთან მიტანით უნდა მოხდეს.

განსხვავდება და უფრო გამკაცრებულია რესტორნების დახურული სივრცეების მოქმედების წესები:

• დახურულ სივრცეში ყოველ 4მ2-ზე დაიშვება მხოლოდ 1 მომხმარებელი, თუმცა მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60-ს;
• მაგიდებს შორის დისტანცია ამ შემთხვევაშიაც 2 მეტრია, მაგრამ 1 მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის დისტანცია 1 მეტრი უნდა იყოს; ასევე 1 მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს სკამის საზურგეებს შორის; თუ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მაშინ გამოყენებულ უნდა იყოს დამცავი ბარიერი.
• მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანის განთავსებაა დაშვებული, გამონაკლისს აქაც 12 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ.
• დახურული სივრცეები ბუნებრივი ვენტილაციით უნდა განიავდეს, ხოლო თუ ამის საშუალება არ არის, გამოყენებულ უნდა იყოს ხელოვნური ვენტილაცია, რაზეც საინჟინრო კონტროლი უნდა მოხდეს;
• ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში კი ვენტილაცია არასამუშაო საათებშიც ჩართული უნდა იყოს. საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენებისას 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება უნდა მოხდეს;
• ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდთან ერთად სტუმრები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ბეჭდური ერთჯერადი მენიუებით, ელექტრონულის შემთხვევაში კი მენიუს დაფასთან უნდა იდგას სადეზინფექციო საშუალებები.
• კვების ობიექტების შიდა სივრცეებში სასმელის მიტანა მაგიდასთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს;

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციებში დაწვრილებითაა გაწერილი ჭურჭლისა და სხვა საჭირო საშუალებები რეცხვის, ასევე სამუშაო სივრცის დასუფთავებისა და დეზინფექციის წესები და დამსაქმებელ-დასაქმებულის ვალდებულებები.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.