ღვინის ეროვნული სააგენტო - 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 6,6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 6,6 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 2 000 ტონამდე რქაწითელი, 3 000 ტონამდე საფერავი, 461 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით 4,9 მლნ ლარია მიღებული.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 98 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 34 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 1,3 ათას ტონას მიაღწია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 2,8 ათასი ტონა, თელავი - 1,6 ათასი ტონა, სიღნაღი - 930 ტონა, გურჯაანი - 465 ტონა, დედოფლისწყარო - 540 ტონა, ახმეტა - 187 ტონა, საგარეჯო - 35 ტონა და ლაგოდეხი - 13 ტონა.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად, მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

1tv.ge