საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ლახამულის ოთხთავის რესტავრაცია დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის თემის გადაწყვეტილებით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოები 18 თვეს გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ XII საუკუნის ხელნაწერი ისევ სოფელ ლახამულში დაბრუნდა.
საქართველოს ეროვნული არქივის ცნობით, ხელნაწერი სოფელ ლახამულში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ჩაიტანეს.
ლახამულის ოთხთავის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამუშაოებზე რამდენიმე რესტავრატორი მუშაობდა. ხელნაწერის ყოველ ფურცელს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარბილდა და გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, შეივსო ნაკლული და დაზიანებული ადგილები. პარალელურად მიმდინარეობდა ხელნაწერის სამეცნიერო შესწავლა და ციფრული ასლი დამზადება.
ეტრატზე შესრულებულ ლახამულის ოთხთავს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ოთხთავების გიორგი მთაწმინდელისეული რედაქციის შესწავლისთვის. ამ ხელნაწერს არაერთი მინაწერი ახლავს, რომლებიც უძვირფასეს ცნობებს გვაწვდის ლახამულის ხევის სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და რელიგიური ყოფის შესახებ.
1tv.ge