ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეროვნული საგანძური - მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში განთავსდება
14 მარტი, 2018

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი 2019 წლიდან ახალ შენობაში განთავსდება. ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დაიწყო.

პროექტს 8,5 მლნ ლარით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს და მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.

მუზეუმის პროექტი შემუშავდა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით, რომელშიც მუზეუმოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტია დაცული. პროექტი ითვალისწინებს შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოებსაც.

მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი და მოწესრიგდება სხვა ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სამუზეუმო სივრცეში განთავსდება 23 ათასამდე არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებიც ამ დრომდე მცხეთის გამგეობის შენობის საცავებში ინახება.

ახალ მუზუმში დაიდებს ბინას სამუზეუმო კოლექციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ძვირფასი ლითონების კოლექციაც, რომელიც ამჟამად ეროვნულ მუზეუმშია დროებით წარმოდგენილი.

პროექტი კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ არქიტექტორ ზაზა იაშვილის ავტორობით მოამზადა. ფიზიკურ სამუსაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომლისთვისაც სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად 18 თვეა განსაზღვრული.

მცხეთის ყოფილი კინოთეატრი 1960-იან წლებში აიგო არქიტექტორ გ. ჯაბუას ავტორობით და მეოცე საუკუნის არქიტექტურის საინტერესო და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამ პერიოდიდან უწყება მის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტზე მუშაობს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.